2009 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარში, რომელიც სპეციალურად მათთვის ჩატარდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. სემინარს უძღვებოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ბატონი ვასილ ჭყოიძე. მან სტუდენტებს გააცნო ქართული პარლამენტარიზმის ისტორია, პარლამენტის მუშაობის სპეციფიკა, კანონშემოქმედებითი პროცესი, ასევე ისაუბრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის შესახებ, მიმოიხილა კომიტეტის როლი და ადგილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელების საქმეში. შეხვედრაში აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სტუდენტებმაც, დაუსვეს კითხვები მომხსენებელს, განსაკუთრებით დაინტერესდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ურთიერთობის საკითხებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან. კითხვები ასევე შეეხებოდა იმ ძირითად პრიორიტეტებს, რაც ამჟამად კომიტეტის დღის წესრიგში დგას. სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. აღნიშნული შეხვედრის გარდა, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოაწყო ექსკურსია პარლამენტში. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ პლენარული სხდომათა დარბაზი, ასევე პირველი რესპუბლიკის დარბაზი და პარლამენტის მუზეუმი.

