რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს ფ ო ნ დ ი
ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი
ახალგაზრდა მეცნიერთათვის ილია ჭავჭავაძის
სტიპენდიის გამარჯვებული
სამართლის დოქტორი, მ. მარინაშვილი
“მიმოსვლის თავისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი მოწესრიგება საქართველოში”
ლექციის სტრუქტურა:
საქართველოს კონსტიტუციით მიმოსვლის თავისუფლებით დაცული სფერო
- მიმოსვლის თავისუფლების არსი
- განსაზღვრებები “თავისუფალი მიმოსვლის უფლება”, “მიმოსვლის თავისუფლების უფლება”, “მიმოსვლის თავისუფლება”
- მიმოსვლის თავისუფლების გამიჯვნა საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლებისაგან;
- მიმოსვლის თავისუფლების სუბიექტები.
მიმოსვლის თავისუფლების რეალიზაციის შეზღუდვის პირობები და ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება საქართველოში
- მიმოსვლის თავისუფლების რეალიზაციის შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები;
- მიმოსვლის თავისუფლების რეალიზაციის შეზღუდვა განსაკუთრებული რეჟიმების პირობებში;
- საქართველოს კონსტიტუციის მიმართება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან მიმოსვლის თავისუფლების რეალიზაციის შეზღუდვის სფეროში.
ლექციის მიზანია ადამიანის მიმოსვლის კონსტიტუციურ-სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, მიმოსვლის თავისუფლების არსობრივი დახასიათება, მისი რეალიზაციისას წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შეთავაზება.
ლექციის აღწერა
კანონმდებლობაში არსებული განსაზღვრებების “თავისუფალი მიმოსვლის უფლება”, “მიმოსვლის თავისუფლების უფლება”, “მიმოსვლის თავისუფლება” და “გადაადგილების თავისუფლება” ერთმანეთისაგან გამიჯვნა და კანონმდებლობაში ერთიანი განსაზღვრების დაფიქსირება. საქართველოს კონსტიტუციით მიმოსვლა შესაძლებელია მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის მიზნით. სათანადო არგუმენტების მითითებით საუბარი იქნება მიმოსვლის თავისუფლების დამოუკიდებელ თავისუფლებად აღიარებაზე. ლექციაზე ცალკე საკითხად დაისმება მიმოსვლის თავისუფლების სუბიექტების სტატუსი. საქართველოს მოქალაქის საქართველოში შემოსვლის უფლების შეზღუდვის დაუშვებლობა და საქართველოს კონსტიტუციით ამ უფლების ცალკე მუხლად ჩამოყალიბება ამ საჯარო ლექციის განხილვის საგანი გახდება. ლექციის დროს დაისმება საკითხი ნორმაშემოქმედებით და სამართალშეფარდებით საქმიანობაში თანაზომიერების პრინციპის დაცვაზე საქართველოში. ცალკე აღნიშნული იქნება განსაკუთრებული რეჟიმის პირობებში მიმოსვლის თავისუფლების რეალიზაციის შეზღუდვის საკანონმდებლო სრულყოფა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიების _ პასპორტის მოქმედების შეჩერების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა ლექციაზე მსჯელობის საგნად იქცევა. გარდა ამისა, საუბარი იქნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფაზე ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფ მიგრანტთა გამოვლენის თვალსაზრისით; და საზოგადოდ, მიმოსვლის მომწესრიგებელი კანონმდებლობის უნიფიცირებაზე. ლექციაზე გაანალიზებული იქნება მიმოსვლის თავისუფლების სფეროში არსებული როგორც საქართველოს (საკონსტიტუციო და უზენაესი) ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. მიმოსვლის თავისუფლების დაცული სფეროს განსაზღვრის, მისი შეზღუდვის პირობების დადგენის შემდეგ ყურადღება დაეთმობა მიმოსვლის თავისუფლების უზრუნველყოფის გარანტიებს. ნორმაშემოქდებით და სამართალშეფარდებით პროცესში ჩაბმული პირებისათვის შემოთავაზებული იქნება ამჟამად არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზები.

