მათემატიკის ინსტიტუტი
მათემატიკის ინსტიტუტი
როლანდ დუდუჩავა მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი განათლება მიიღო თბილისში, 1968 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა მათემატიკის მაგისტრის ხარიხსი. ამის შემდეგ, 1968-71 წლებში, გახლდათ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დაიწყო მუშაობა იქვე, მათემატიკის ინსტიტუტში, სადაც მუშაობს დღემდე და ხელმძღვანელობს მათემატიკური ფიზიკის განყოფილებას. 1989 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მოსკოვში, ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში.2001 წლიდან იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, 1981 წელს გახდა ჰუმბოლდტის სტიპენდიანტი და ეწეოდა კვლევით საქმიანობას 2 წლის განმავლობაში გერმანიაში, დარმშტადტის უნივერსიტეტში. 2002 წელს გახდა გერმანიის კვლევითი საზოგადოების (DFG) პროფესორი-მერკატორი, კითხულობდა ლექციებს საარბრიუკენის უნივერსიტეტში. იქვე, საარბრიუკენში, 2003 წლიდან 2007 წლამდე იყო დიფერენციალური გეომეტრიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი და კითხულობდა ლექციებს დიფერენციალურ გეომეტრიაში, დიფერენციალურ განტოლებებში და ოპერატორთა თეორიაში. 1989-2003 და 2009-2012 წლებში ის გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ასევე, 2008-2009 წლებში, ევრო-კავკასიური ქართულ-გერმანული უნივერსიტეტის სრული პროფესორი. აღსანიშნავია, რომ როლანდ დუდუჩავა არის 121 გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი, მათ შორის 4 მონოგრაფიის. ნაშრომების დიდი ნაწილი შესრულებულია უცხოელ თანაავტორებთან ერთად. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 დისერტაცია საქართველოში, ხოლო მისი კონსულტაციით დაცულია 2 დისერტაცია გერმანიაში. ერთ-ერთი მისი მოწაფე, ევგენი შარგოროდსკი, არის ლონდონის კინგს კოლეჯის სრული პროფესორი. |