Latest NEWS
გვსურს გადმოგცეთ საქართველოს უნივერსიტეტის პოზიცია, ფინალური გამოცდების კამპუსში ჩატარების თაობაზე:
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის გადაწყვეტილება, გამოცდების უნივერსიტეტში ჩატარების თაობაზე, სტუდეტებისთვის სემესტრის დასაწყისშივე იყო ცნობილი და ამ მხრივ, გადაწყვეტილების ცვლილება არ მომხდარა.
უნივერსიტეტებს აქვთ ავტონომია და შესაბამისად, თავისუფლება განსაზღვრონ სად უნდა ჩატარდეს გამოცდები. ამ თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა უნივერსიტეტს აქვს თავისი სპეციფიკა და მიზნები, საქართველოს უნივერსიტეტმა არჩია გამოცდების ადგილზე ჩატარება იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ონლაინ გამოცდებიდან მივიღეთ, გასულ წელს.
მოგეხსენებათ, საყოველთაო ლოქდაუნის პერიოდში გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარება იყო სავალდებულო. გამოცდილებამ ცხადყო, რომ უამრავმა სტუდენტმა ვერ შეძლო საკუთარი ცოდნის ობიექტურად და სრულყოფილად წარმოჩენა.
ახლა, როცა ქვეყანაში არ არის სრული ლოქდაუნი - პირიქით, რეგულაციები სულ უფრო მსუბუქდება, საზოგადოება მოძრაობს ტრანსპორტით, გახსნილია სავაჭრო ობიექტები, უკვე ნებადართულია კონფერენციების და ტრენინგების ჩატარებაც... ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტებს მიეცათ არჩევანის საშუალება - საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შეინარჩუნა გამოცდების ადგილზე ჩატარების გადაწყვეტილება იმ პირობით, რომ კამპუსში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების ზომები - უმაღლეს დონეზე.
სტუდენტების არგუმენტი, რომ ონლაინ სწავლების ხარისხი და ადგილზე გამოცდებიც ჩატარების ხარისხი შეუსაბამოა - აზრს არის მოკლებული მარტივი მიზეზის გამო: საკითხები იქნება სრულიად იდენტური და ორივე შემთხვევაში გამოცდა ბარდება კომპიუტერით. განსხვავება იქნება მხოლოდ ის, რომ უნივერსიტეტში ყველა სტუდენტს საშუალება ექნება ცოდნა გამოამჟღავნოს კეთილსინდისიერად და ობიექტურად.
საქართველოს უნივერსიტეტი არ არის ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელიც ადგილზე ატარებს გამოცდებს. სხვა უნივერსიტეტების ჩამოთვლის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. აქამდე ვახორციელებდით შერეული ტიპის სწავლებას - ნაწილობრივ ადგილზე და ნაწილობრივ ონლაინ. გამოცდების ადგილზე ჩატარება არავითარ შემთხვევაში არ იქნება მეტი რისკის მატარებელი, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით - პირიქით! საგამოცდო პროცესი იქნება უმაღლეს კონტროლზე აყვანილი ჩვენი სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვის სასიკეთოდ. დეზინფექცია და ყოველგვარი სტანდარტის დაცვა იქნება მკაცრად გათვალისწინებული.
სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, რომ გამოცდების ადგილზე ჩატარება უნივერსიტეტისგან გაცილებით მეტ ძალისხმევას საჭიროებს. არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს პანდემია და არ გვინდა, რომ ამ გაუთვალისწინებელმა და რთულად პროგნოზირებადმა სიტუაციამ თქვენი ცოდნის მიღების პროცესს მინიმუმზე მეტი ზიანი მიაყენოს.
აქვე შეგახსენებთ ჩვენს შემოთავაზებას - ზეპირი ონლაინ გამოცდების თაობაზე - მათთვის, ვინც ჯანმრთელობის მხრივ რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. ასევე, რეგიონებში მყოფ სტუდენტებს გთავაზობთ თბილისში განთავსების მხარდაჭერას.
გამოცდებამდე ჯერ დიდი დროა და ვიმედოვნებთ, რომ ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო გაუმჯობესდება. თუმცა, როგორც ადრე აღვნიშნეთ - გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მივიღებთ შესაბამის ზომებს.
გისურვებთ წარმატებას!
#თუსწავლაგინდა