Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


5 July 2021
საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორის სამეცნიერო სტატია Cambridge University Press-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

     2021 წლის ოთხ ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) მეცნიერების დოქტორის ნინო გოზალაშვილის სამეცნიერო სტატია სათაურით "ევროპა იღვიძებს" - ეროვნული პოპულიზმის გავრცელება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყანაში - ქართული მარშის შემთხვევა საქართველოში" კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის ონლაინ გვერდზე განთავსდა. კვლევის მომზადებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს თავად ავტორმა უპასუხა. გთავაზობთ ჩვენ მიერ მასთან გამართული ინტერვიუს ჩანაწერ. 

რა გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევას ადამიანების ყოფაზე?

ქართულ კონტექსტში ნაციონალიზმის საკითხი ისტორიულ აქტუალობას კვლავ ინარჩუნებს, თანამედროვე პერიოდში მასზე დართული პოპულიზმის ელემენტებით. ამრიგად, აღნიშნულ ტენდენციებზე დაკვირვება დიდწილად გვეხმარება წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ ქართული ნაციონალიზმისა და პოპულიზმის დისკურსის მახასიათებლები, არამედ უფრო ფართოდ, მთელი ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური განვითარების დინამიკა და მიმართულებები. კვლევა ასევე დაეხმარება მკითხველს წამოიდგინოს ნაციონალიზმისა და პოპულიზმის კვლვებში შედარებით ნაკლებად შესწავლილი მიმართულება, რომელიც მსგავსი ნარატივების გავრცელებაზე საუბრობს პირდაპირი და უფრო მეტად, ირიბი (ინტერნეტის, სოც.ქსელების საშუალებით) გზებით. Ასევე, მკითხველი შეძლებს საკუთარი დასკვნების გაკეთებას, ვინაიდან კვლევა ნორმატიულ ხასიათს არ ატარებს და მისი მიზანია მოვლენებისა და ფენომენების ახსნა. 

ერთ-ერთი კონკრეტული მიგნება, რაც ამ კვლევას აქვს უკავშირდება ნაციონალ-პოპულისტების უნარს სათავისოდ გამოიყენონ ქვეყნის პრო-დასავლური კურსი და სწორედ „დასავლეთის“ მნიშვნელობის გადააზრებით, თავი მოაქციონ იმ იდეოლოგიურ ოჯახში, რომელსაც ევროპელი და ჩრდილოეთ ამერიკელი ნაციონალ-პოპულისტები ქმნიან.

საკითხი მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც „დასვალეთის“ მნიშვნელობის გააზრება პოსტ-საბჭოთა საქართველოში არაერთგვაროვანია და ხშირად დეზინფორმაციის აპრობრირებულ იარაღსაც წარმოადგენს, რაც შემდგომ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზე და არც ისე შორ პერსპექტივაში, თითოეულ მოქალაქეს ეხება.

კონკრეტულად როგორ უკავშირდება კვლევის საგანი ამ საკითხებს?

კვლევა შეისწავლის თანამედროვე ქართულ ნაციონალ-პოპულისტურ ნარატივებს და ცდილობს, ახსნას თუ რატომ და რა მიზნით იყენებენ ასეთი აქტორები შედარებებს დასავლეთთან, როგორ წარმოიდგენენ და რა ინტერპრეტირებას აძლევენ დასავლეთს, რომელსაც ქართულ კონტექსტში ისტორიულად პოზიტიური, თუმცა ხშირად სკეპტიციზმით ინფორმირებული მნიშვნელობა ჰქონდა.

 

კვლევა ასევე ხაზსს უსვამს ინტერნეტისა და სოცალური ქსელების გამოყენების ზოგიერთ გზას, მათ გაზრდილ მობილიზაციის უნარს ასეთი აქტორებისთვის. სტატია ცდილობს აჩვენოს ისეთი “ლოკალური” ფენომენების გლობალურად გავრცელებისა და ადაპტაციის დინამიკა, როგორიც ნაციონალიზმი და პოპულიზმია.

 

 

როგორ შეიძლება ჩაერთონ სტუდენტები კვლევის ამ მიმართულებაში და რატომ ურჩევდით ამას?

 

კვლევა იყენებს დისკუსრული ანალიზის მიდგომას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და სისტემური მიდგომაა, რომელიც მხედველობაში იღებს არა მხოლოდ გასაანალიზებელი მასალის (ტექსტების, სურათების, ჩანაწერების) პირდაპირ მნიშნელობას, არამედ ასევე იმ სოციო-კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტსს, რომელშიც ის წარმოიქმნება. აღნიშნული მეთოდოლოგია ნაციონალიზმისა და პოპულიზმის სხვადასხვა ასპექტებზე ყურადღების გამახვილებისა და სიღრმისეული შესწავლის საშუალებას იძლევა.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში, ნაციონალ-პოპულიზმის საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს მისი დემოკრატიასა და დემოკრატიზაციის პროცესებზე გავლენის ხარისხის მიხედვით. შესაბამისად, სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დემოკრატიის საკითხებითა და არალიბერალური ტენდენციების შესწავლით, მასში „პრო-დასავლური“ ნარატივის სტრატეგიულად გამოყენების ანალიზით, აღნიშნული კვლევა საინტერესო საწყისი წერტილი იქნებოდა.

ანტი-დასავლური და ევროსკეპიტიკური ნარატივები ტრადიციულად წარმოადგენდა ნაციონალისტი და პოპულისტი აქტორების დისკურსის ნაწილს, თუმცა დღეს ვართ ისეთი რეალობის წინაშე, როდესაც ევროსკეპტიკური დისკურსი მოიაზრებს ევროპის იდეის გადააზრებასა და ამ გზით, ახალი ტიპის ინტეგრაციაზე საუბარს. ეს საინტერესო, მნიშვნელობანი და მრავალწახნაგოვანი შესასწავლი მიმართულებაა და სტუდენტებს დაეხმარება სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისა და კომპეტენციის ამაღლების კუთხით.      მიმაჩნია, რომ დღეს, აღნიშნული პროცესები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევათაგანია პოსტ-სოციალისტური ქვეყნების ლიბერალური დემოკრატიის კურსისთვის და ამ ტენდენციის ახსნა მხოლოდ მასზე ახლო დაკვირვებითა და სისტემური ანალიზით არის ეფექტური.

 

ჩემთვის ერთ-ერთი პატივსაცემი ხელმძღვანელი ხშირად მიმეორებდა, რომ ნაციონალიზმს „სამი ფეხი აქვს“- ისტორია, სოციოლოგია და პოლიტიკური მეცნიერებები. ამრიგად რამდენადაც „ვიწრო“, იმედენად კომპლექსური, მრავალფეროვანი და საინტერესოა ნაციონალიზმის, ისევე როგორც პოპულიზმის, კვლევები. 

 

რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას უკავშირდება?

 

კვლევას, რა თქმა უნდა, ახლდა გამოწვევები. ერთ-ერთი უკავშირდება რესპონდენტების მოძიებასა და მათთან ინტერვიუების ჩაწერისთვის საჭირო ნდობის მოპოვებას, ვინაიდან საკითხი სენსიტიურია და მიდგომაც მსგავსი სჭირდება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი იყო აკადემიური ეთიკის ნორმების დაცვისადმი ყურადღებისა და გასაანალიზებელი მასალის მაქსიმალურად ფართო სპექტრის მოპოვების დაბალანსება.

სხვა გამოწვევები უკავშირდება მუდმივად ცვალებად და არაპროგნოზირებად მასალას, რომელიც იქმნება სოცოალურ მედია გვერდებზე და ხშირად ან იბლოკება და ან იშლება, რაც მკვლევარს ინფორმაციის გამოყენებისა და მისი ვერიფიკაციის გამოწვევებს უსახავს.

 

აქედან გამომდინარე, ძირითადი უნარები, ვფიქრობ, უკავშირდება გამოწვევებისა და მუდმივი ცვლილებების პირისპირ მოქნილობის უნარს, მეთოდოლოგიურ თანმიმვრულობასა და აკადემიური წერის უნარებს. ყველა ეს უნარი გაუმჯობესებადია.

 

რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?

 

 

ნაციონალიზმის საკითხისთვის საქართველოში გაზრდილი ადამიანისთვის თავის არიდება, ალბათ, რთულია. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ნაციონალიზმი სხვადასხვა სახით, მნიშვნელობითა და ემოციური დატვირთვით გვევლინება. პატარა ქალაქ - გორში- გაზრდისას, ჩემი ბავშვობის განმავლობაში, ნაციონალიზმის საკმაოდ პარადოქსულ ვარიაცებზე მქონდა დაკვირვების საშუალება. შემდგომ, ნაციონალიზმზე ჩემი წარმოდგენები, ისევე როგორც ინტერესები, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრებისა და დაკვირვებისას, უფრო მრავალფეროვანი და სიღრმისეული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, როგორც ქართველი ადამიანისთვის, ნაციონალიზმისა თუ პოპულიზმის ფენომენები სიახლეს არ წარმოადგენდა, მათი დომინოს ეფექტით აღზევება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მეტად დემოკრატიულ ქვეყნებში და მათი ექო საქართველოში, გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო. დავინტრესდი, იმით თუ საიდან მოდიოდა მსგავსი მოძრაობები, როგორ წარმოაჩენდნენ ისინი თავისი ქვეყნისა თუ დასავლეთის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს და რატომ გახდა, უკვე არსებულ დემოკრატიულ მმართველობებში, „ხალხის“ ცნებაზე პოპულისტური აპელირება ასეთი წარმატებული.

 

რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე ამ კონკრეტულ ნაშრომს?

 

ნაშრომი გამოქვეყნებამდე წარდგენილი იყო რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე. მოხსენებების დროს აღმოჩნდა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ შემთხვევაში პარალელურ მოლენებთან გვაქვს საქმე, თუმცა ნაშრომი საქართველოსთვის სპეციფიკურ ტენდენციებზე კონცენტრირდება. გამოქვეყნების შემდეგ კოლეგებსა და სტუდენტებთან საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ ინტერნეტისა და სოციალური მედია ქსელების როლი, ისევე როგორც გლობალიზაციის ზოგადი ტენდენციების გავლენა ნაციონალისტურ და პოპულისტურ დისკურსებს თავად აქცევს გლობალურ ფენომენებად და გლობალიზაციის წარმონაქმნებად.

 

რა დამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა ჰქონდა ამ კვლევას?

 

კვლევის ნაწილი შესრულდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU)-ის სადოქტორო დაფინანსების ფარგლებში.

 

 

შეგიძლიათ ორი სიტყვით მოგვიყვეთ თქვენს თანაავტორებზე?

 

კვლევა, თუმცა ჩემი კოლეგების, ხელმძღვანელისა და ახლობლების დიდი ემოციური და ინტელექტუალური მხარდაჭერით, დამოუკიდებლად შევასრულე.

 

     გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ Cambridge University Press (კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცემა) 1534 წელს ჰენრი VIII-ის ბრძანებით შეიქმნა და მსოფლიოში უძველეს საუნივერსიტეტო გამოცემად ითვლება. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია სტატიის ორიგინალს მითითებულ ბმულზე გაეცნოს. 

 

 






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia