სცენარების კონკურსი "სკრიპტუმი"
© 2023 ნინო დიდებაშვილი საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: nina.13.didebashvili@gmail.com
მობილურის ნომერი: +995 558 166 166
ცისფერი კესანები ანუ არ დამივიწყო
სცენარის ავტორი: ნინო დიდებაშვილი
სცენა 1 - ექსტ. პოლიციის განყოფილების წინ, გვიანი ღამე, დანაშაულის დღე
40 წლამდე ასაკის გამომძიებელი მამაკაცი დგას საცხობის წინ და ჭამს ჰოთდოგს. საცხობის წინ დგას მისი მანქანაც. გამომძიებელი მშვიდად დგას, ჭამს და გარშემომყოფებს აკვირდება. მოულოდნელად ურეკავს ტელეფონი.
პოლიციის თანამშრომელი
ანონიმური შეტყობინება შემოვიდა ალექსიძის მეორე ჩიხში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით. მეორე ბრიგადა მისულია შემთხვევის ადგილზე და გელოდებათ.
გამომძიებელი
გასაგებია.
გამომძიებელი თიშავს ზარს, ნერვულად და სწრაფად ასრულებს ჭამას, ჯდება მანქანაში და მიდის შემთხვევის ადგილზე.
სცენა 2 - ექსტ. შემთხვევის ადგილი, გვიანი ღამე, დანაშაულის დღე
გამომძიებელი გადმოდის მანქანიდან და შედის იტალიურ ეზოში. მას მალევე უახლოვდება ახალგაზრდა, ფორმიანი პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ცდილობს გამომძიებლისთვის ვითარების ახსნას, თუმცა მისი საუბარი გარჩევადი არ არის ქუჩის ხმაურის და სირენების ფონზე. ეზო სავსეა პოლიციის თანამშრომლებით. სასწრაფო დახმარების მანქანაც იქვე დგას, ეზოს შესასვლელთან.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას სახლის მეორე სართულიდან კიბეზე საკაცით ჩამოაქვს ზეწარგადაფარებული გვამი. ბრიგადა სწრაფად უახლოვდება გამომძიებელს, რათა გვერდით ჩაუაროს, სასწრაფო დახმარების მანქანასთან მისასვლელად. გამომძიებელი აკვირდება საკაცეს, რომლიდანაც ვარდება მოკლული ქალის ხელი. ხელზე რამდენიმე თხელი ძაფის სამაჯური და ცისფერი კესანების სვირინგი ჩანს. გამომძიებელი რამდენიმე წამით მისჩერებია ხელს. სასწრაფოს თანამშრომელი ფრთხილად ათავსებს მსხვერპლის ხელს ზეწრის ქვეშ და ბრიგადა სწრაფი ნაბიჯით მიდის მანქანისკენ, გამომძიებლის გვერდის ავლით. გამომძიებლის საკაცეზე ფოკუსირებული მზერა ინაცვლებს მასთან ახლოს მდგარ და მოსაუბრე ახალგაზრდა, ფორმიან, პოლიციის თანამშრომელზე. მხოლოდ სასწრაფოს ბრიგადის ჩავლის შემდეგ ისმის თუ რას ეუბნება იგი გამომძიებელს.
ახალგზარდა პოლიციელი
მოკლულია 28 წლის ქალი. ანონიმური შეტყობინების ავტორი მისი მეუღლე აღმოჩნდა, რომელიც ადგილზე დაგვხვდა და უკვე აღიარა დანაშაული. ექსპერტიზის ბრიგადები უკვე მუშაობენ დანაშაულის ადგილზე, ეჭვმიტანილი კი განყოფილებაში თქვენთან ერთად წამოვა.
გამომძიებელი
გასაგებია, ოქმი გადმომიგზავნეთ, როგორც კი დაასრულებთ აქ მუშაობას.
სცენა 3 – ექსტ. ქუჩა, გვიანი ღამე, დანაშაულამდე 6 თვით ადრე
30 წლამდე ასაკის გოგონა გვიან ღამით, სიბნელეში, სახლის კიბეებზე ჩარბის და ქუჩაში გამორბის. მას სახლის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვია, დაბნეული და შეშინებულია. ტირის თუმცა ცდილობს შეიკავოს ცრემლები. რამდენიმე წუთში წყვეტს სირბილს. პერიოდულად უკან იყურება და ამოწმებს ვინმე ხომ არ მიჰყვება. ადგილზე ბორგავს და ბოლთას სცემს. ცდილობს დაალაგოს აზრები და დამშვიდდეს. ტუჩის კუთხე გახეთქილი და ოდნავ სისხლიანი აქვს, მარჯვენა ლოყაზე ძლიერი დარტყმისგან სიწითლე და თვალთან მკრთალი მოლურჯო ელფერი ატყვია. როდესაც მშვიდდება, ხედავს პოლიციის შენობას. უჭირს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მაინც ბედავს გაემართოს განყოფილებისკენ.
სცენა 4 - ინტ. პოლიციის განყოფილება, გვიანი ღამე, დანაშაულამდე 6 თვით ადრე
პოლიციის შენობის შიგნით, ერთიან სივრცეში რამდენიმე გამომძიებლის მაგიდაა, რომლებიც არაფრითაა გამოყოფილი ერთმანეთისგან და საუბარი სივრცის ყველა გამვლელ-გამომვლელს ესმის. 40 წლამდე ასაკის გამომძიებელი კაცის წინ ზის ნაცემი გოგონა. გამომძიებელი ფურცელზე რაღაცას წერს და მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ გოგონას ოდნავ უხერხულად მომღიმარი სახით ეუბნება:
გამომძიებელი
შენ თვითონაც ხომ ხვდები რომ ერთი-ორი გალაწუნების და გინების გამო საქმეს ვერ აღვძრავ?! წადი სახლში, ქმარს მოეფერე და შეურიგდი.
გოგონა ტუჩს იკვნეტს და თითებით ნერვულად თამაშობს. ხელები მუხლებზე ისე უწყვია, რომ ნათლად ჩანს მარჯვენა ხელზე ცისფერი კესანების სვირინგი, რომელსაც გამომძიებელი სარკასტული მზერით უყურებს სანამ ფურცელზე რაღაცას წერს.
სცენა 5 - ექსტ. იტალიური ეზო, შუადღე, დანაშაულიდან 3 დღის შემდეგ
მზიანი დღეა. გამომძიებელი ნელი ნაბიჯით შედის შემთხვევის ადგილზე, იტალიურ ეზოში. ეზოს ცენტრში, სკამებზე სხედან მეზობელი ქალები და საუბრობენ. გამომძიებელი მათ ნელა უახლოვდება და ესმის იქ მჯდომი ასაკოვანი ქალის ხმა.
ასაკოვანი მეზობელი ქალი
არადა ისეთი კარგი ბიჭია, მშრომელი. სალამი მაგას არ ეშლება და არაფერი. ვერ გამიგია ასეთი რამ როგორ მოხდა.
ასაკოვანი მეზობელი ქალი სახეზე იდებს ხელს, ძირს იყურება და დადარდიანებული გამომეტყველებით აქნევს თავს.
გამომძიებლის დანახვაზე ქალბატონები წყვეტენ საუბარს და დაინტერესებული მზერით უცქერენ მას.
გამომძიებელი
სალამი, ამ ეზოში სამი დღის წინ მომხდარი მკვლელობის გამომძიებელი გაწუხებთ. შეიძლება რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ?
სცენა 6 - ექსტ. იტალიური ეზო, შუადღე, დანაშაულამდე 3 თვით ადრე
გოგონა შემოდის იტალიურ ეზოში და კიბეებისკენ მიემართება. ხელში სურსათი უჭირავს პარკით. გოგონა თვალს არიდებს ეზოში მსხდომ მეზობლებს, თუმცა ესმის მათი საუბარი:
შუახნის მეზობელი ქალი
გაიგე? პოლიციაში ყოფილა, ამ ბულკივით ბიჭის დაჭერა ნდომებია.
ასაკოვანი მეზობელი ქალი
ოჯახი ასე ხომ არ არის?! ხან იჩხუბებს, ხან შეიგინება კაცი. ჩემს დროს ვინ გაბედავდა ერთი გალაწუნების გამო პოლიციაში მისვლას?!
შუახნის მეზობელი ქალი
არადა, როგორი პირმცინარი ბიჭია. მე მაგის აწეული ტონი და უხეშობა არ გამიგია. როცა მხედავს, ყოველთვის თბილად მომიკითხავს ხოლმე. განა ამხელა ამბის ატეხად ღირდა ერთი წამოთაქება?!
სცენა 7 - ინტ. პოლიციის განყოფილება, შუადღე, დანაშაულიდან 5 დღის შემდეგ
გამომძიებლის წინ ზის მსხვერპლის დედა. სრულად შავებში შეფუთულ ქალს, დასიებული თვალებიდან ცრემლი სდის და ხმა პერიოდულად უწყდება. გამომძიებელი ქალს არ უყურებს, პირქუში გამომეტყველებით ჩასჩერებია ფურცელს და სწრაფად იწერს რაღაცებს. მსხვერპლის დედა განყოფილების ქუჩაზე გამავალი ვიტრინისკენ იყურება და საუბრობს.
მსხვერპლის დედა
კამათობდნენ ხანდახან. განა რომელი წყვილი არ კამათობს?! მე სულ ვარიგებდი „ მოუთმინე დედა, შრომობს, იღლება და ზედმეტად ნუ გააღიზიანებ-მეთქი “. საიდან უნდა მცოდნოდა...როგორ უნდა მეფიქრა...
ქალს ხელები საკუთარ იდაყვებზე აქვს შემოხვეული და პერიოდულად ქანაობს მჯდომარე. თითქოს ცდილობს საკუთარ თავს ჩაეხუტოს და დაამშვიდოს. სახე სველი აქვს და პერიოდულად ნიკაპამდე მიღწეულ ცრემლებს ხელით იწმენდს.
სცენა 8 – ინტ. /ექსტ. სახლი, დილა, დანაშაულამდე ერთი თვით ადრე
გოგონა დგას სარკის წინ. გახეთქილ ტუჩის კუთხეს მაკიაჟით ფარავს, წესრიგდება და გადის სახლიდან. სწრაფი ნაბიჯით ჩადის კიბეს და იტალიური ეზოს კართან მიახლოებულს ურეკავს ტელეფონი. გოგონა სწრაფად პასუხობს ზარს.
გოგონა
ჰო დედა, რა იყო?
დედა
როდის იყავი პოლიციაში? მთელი სამეზობლო ამაზე ლაპარაკობს, თავს ვეღარ ვყოფ გარეთ. ერთი გარტყმის გამო საჩივრის დასაწერად სირბილი გაგონილა?! რა დაგემართა?! ისედაც ამდენს შრომობს ბიჭი და ძალით რატო აღიზიანებ? კარგი რა დედა, ცოტა შენც დაუთმე და მოითმინე.
გოგონა
ახლა სამსახურში მივდივარ, მერე ვილაპარაკოთ.
სცენა 9 - ინტ. პოლიციის განყოფილება, საღამო, დანაშაულიდან 8 დღის შემდეგ
გამომძიებლის წინ ზის გოგონას მეუღლე, ეჭვმიტანილი. გამომძიებელი თავჩაღუნული ზის, არ უყურებს მოსაუბრეს და ისე აგრძელებს წერას.
35 წლამდე ასაკის ეჭვმიტანილი მამაკაცი შეშლილი გამომეტყველებით აცეცებს თვალებს სივრცეში. ხელებზე ბორკილები ადევს. ის განუწყვეტლივ იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზას.
ეჭვმიტანილი
მე მიყვარდა ჩემი ცოლი!
ამ ფრაზის თქმისას ხელები გულთან მიაქვს, თითქოს უნდა დაარწმუნოს წინმჯდომი, რომ გულისხმოს ამას, თუმცა თვალები სიშმაგით უელავს. ადგილზე ვერ ისვენებს, ცქმუტავს.
სცენა 10 – ინტ. სახლი, გვიანი ღამე, დანაშაულამდე 1 კვირით ადრე
გვიან ღამით გოგონას გინების ხმა აღვიძებს. დგება საწოლიდან და საძინებლიდან მისაღებში გადის. შემოსასვლელ კართან მისი მეუღლე დგას. ის ნასვამია, სახე არ უჩანს, თუმცა ბორძიკობს და მყარად დგომა უჭირს, ხელებს იქნევს და უშვერი სიტყვებით მიმართავს ცოლს.
ეჭვმიტანილი
მოდი შენი დედაც მოვტყან! რომ მოვდივარ არ უნდა დამხვდე?
გოგონა ხდის ქურთუკს ქმარს და მიყავს საძინებელში. სვამს საწოლზე, ხდის ფეხსაცმელს და აწვენს. ის განუწვეტლივ უშვერ სიტყვებს ეძახის ცოლს და უხერხულად ეჯიკავება მას.
ეჭვმიტანილი
დედას შევეცი! რას აკეთებ შენი კარგიც მოვტყან!
გოგონა ქმრის გვერდით წვება და აქრობს თავისთან ახლო სანათს. სიბნელეში ისმის დარტყმების და კოცნის ხმა, კაცის ხვნეშა, გოგონას უსიამოვნო წკმუტუნი, და ბოლოს გოგონას ჩუმი ტირილი.
სცენა 11 - ექსტ. გოგონას საფლავი, დილა, დანაშაულიდან 3 თვის შემდეგ
გამომძიებელი გოგონას საფლავთან ზის ჩუმად. იქვე ამოსული ცისფერი კესანების ბუჩქებს ჩუმად მისჩერებია. ხან ცას ახედავს, ხანაც ისევ ყვავილებს. ერთს ღრმად ამოისუნთქავს და ფეხზე დგება. გამოდის სასაფლაოდან და ნელი ნაბიჯით მიუყვება დაღმართს ისე რომ მხოლოდ მისი ზურგი ჩანს.
სცენა 12 – ტექსტი შავ ფონზე
მოძალადე მხოლოდ ის არ არის ვინც ფიზიკურად გერევა...
არ დაივიწყო 37 წლის ნონა, 26 წლის მარიამი, 57 წლის ლამზირა, 38 წლის შუშანა, 40 წლის მაკა, 31 წლის შორენა...
"2018-2022 წლებში საქართველოში მოკლეს ან სცადეს მოეკლათ 56 ქალი მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია."
"ქალებს ყველაზე ხშირად ქმრები კლავენ."