პრეზიდენტები
მოგესალმებით!
2000-იან წლებში ჩვენს ქვეყანას ქარიშხალივით გადაუარა რეფორმებმა. სასწაული, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი ჰქვია, თავისი განშტოებებით, საშუალო სკოლით თბილისსა და ბათუმში, სკოლამდელი განათლებით, სპორტული სკოლით, მუსიკის აკადემიით, სხვადასხვა დარგის არაერთი ცენტრით, რომელთა მაგალითად ყველაზე პოპულარული ლიმესი შეიძლება დავასახელოთ, სწორედ იმ რევოლუციური პროცესების შედეგია. აქ, ამ დაწესებულებებში, კონსტრუქციული ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებმაც ბევრ გამოწვევას უპასუხეს, ბევრი დაბრკოლება გადალახეს და შედეგად შესთავაზეს საზოგადოებას მაღალი ხარისხის განათლება, მიაწოდეს მას მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულები.
დღეს სხვადასხვა ფორუმებსა და კონფერენციებზე ხშირად იმართება მსჯელობა თემაზე, როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტი და რამდენად პასუხობს დღევანდელი, თუნდაც ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები ცხოვრების მოთხოვნილებას და არის თუ არა სწავლის მაღალი ღირებულება მიღებული განათლების ადეკვატური. ბევრი სტუდენტი, მშობელი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საუნივერსიტეტო განათლება ჩამორჩა დღევანდელ მოთხოვნებს. მეორე მხრივ, ჩნდება შეკითხვა, რამდენად სწორია სტუდენტების გადაჭარბებული ყურადღების გადატანა პრაგმატულობაზე სწორედ იმ ასაკში, რომელშიც ადამიანი ყველაზე მეტად რომანტიული, მეოცნებე, რისკიანი და ზოგჯერ ხელაღებულიც კი უნდა იყოს. ვაცნობიერებთ, რომ უნივერსიტეტი, ერთი მხრივ, არის ადგილი, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს და გადასცეს მომავალ თაობას კაცობრიობის მიერ შექმნილი ცოდნა და მეცნიერული მიღწევები და განავითაროს ყოველივე ეს, ხოლო, მეორე მხრივ, შესძინოს მას ის უნარები, რომელიც სჭირდება დღევანდელ ცხოვრებას და პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, მიაჩვიოს ახალგაზრდები ანალიტიკურ აზროვნებას და ამასთანავე გაუღვივოს მათ ის შემოქმედებითი ნიჭი, რომელიც თითოეულ ადამიანს თანდაყოლილი აქვს.
ჩვენ უნივერსიტეტში სწავლის ფასი საკმაოდ დაბალია, ხოლო მოთხოვნები მაღალი. აქ ყოველწლიურად დაახლოებით 6000-დან 7000 მდე სტუდენტი სწავლობს. გვყავს უცხოელი სტუდენტები, რომელთა რიცხვი მუდმივად იზრდება. ამიტომ ჩვენი თითქმის ყველა პროგრამა ინგლისურენოვანიც არის. ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაზე. ჩვენ სრული დამოუკიდებლობა მივეცით სკოლებს (ფაკულტეტებს), რომლებმაც გაააქტიურეს თანამშრომლობა უცხოურ უნივერსიტეტებთან, ამასთანავე მთელი წლის მანძილზე აქვთ ინტენსიური ურთიერთობა საშუალო სკოლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. საშუალო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ტარდება ოლიმპიადები, ამასთანავე არაერთი კონფერენცია და არა მარტო სტუდენტური, არამედ აგრეთვე პროფესორების და მათ შორის საერთაშორისო.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით, რომელთა 90% -ზე მეტი, როგორც წესი, დასაქმებულია. ჩვენთან გატარებულ წლებში მათ აქვთ ბევრი სიხარულიც და გულისტკივილიც; სწავლა მხოლოდ სიამოვნება არ არის, მაგრამ ღირს წვალებად. Tempus-ის და Erasmus+ის პროგრამების გარდა, რომელშიც უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩაბმული, ჩვენი სტუდენტები ინდივიდუალურადაც ერთი ან ორი სემესტრის მანძილზე სწავლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ უნივერსიტეტებში.
თქვენ, დღევანდელი თაობა, დიდი გამოწვევების წინაშე დგახართ: ტექნიკის განვითარების ძალზე დაჩქარებული ტემპით გამოწვეული უმუშევრობა, საზოგადოების პოლარიზაცია, საშუალო ფენის გაქრობა, კონფლიქტები და ტერორისტული აქტები, ზოგადად უსაფრთხოების სისტემის არარსებობა დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც ვერ იქნა და ვერ შეიქმნა ცივი ომის დასრულების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები ღირსეულად გადაიბარებთ ესტაფეტას უფროსი თაობისაგან და პასუხისმგებლობას აიღებთ არა მარტო საქართველოში, ან რეგიონში, არამედ მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე. ჩვენ ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. ველით თქვენგან დისციპლინას და სწავლაში თავდადებას
გილოცავთ საქართველოს უნივერსიტეტში შემოსვლას! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ. გისურვებთ თქვენი მოლოდინის გამართლებას, შესაძლებლობების სრულად რეალიზებას, წარმატებულ კარიერას და ბედნიერ პირად ცხოვრებას!
მოგესალმებით!
წარმატებული კარიერა, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, მხოლოდ მრავალმხრივი ცოდნითა და მაღალ პროფესიული უნარ-ჩვევებით მიიღწევა, რასაც ცოდნის შეძენის სურვილი და მეცნიერების არჩეული დარგისადმი დიდი ინტერესი აქცევს რეალობად. შესაფერისი ცოდნის შეძენა და კვლევითი, ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარება ბევრ კითხვას, ფიქრს, რუდუნებასა და ხშირად უძილო ღამეებს მოითხოვს.
ქართველი ახალგაზრდისათვის XX-XXI საუკუნეების მიჯნა ძირეული ცვლილებებით აღინიშნა: თუ მანამდე მას მხოლოდ საბჭოთა იმპერიის საზღვრებში მცხოვრები ახალ გაზრდები უწევდნენ კონკურენციას, დღეს მას უკვე მთელი დანარჩენი მსოფლიო ახალგაზრდებთან კონკურენციაში უწევს თავის უპირატესობის დამტკიცებას.ეს ძალზე სერიოზული და საპასუხისმგებლო გამოწვევაა! საუბარი ხომ თითოეული თქვენგანის კარიერასა და მომავალს ეხება! ისიც უნდა ითქვას, რომ თქვენი კვალიფიცირებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოს უშუალოდ სიღრმისეული ინტერესი აქვს.
განათლების მაღალი ხარისხი და კვალიფიციური სპეციალისტები მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა სფეროში, ხომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და წარმატებული მომავლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა.
თუ გსურთ, ისწავლოთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების დონის ქართულ უნივერსიტეტში და მიიღოთ ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანს გაგხდით თქვენი თაობის ახალგაზრდებთან ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
თუ გსურთ, რომ სტუდენტური წლები გაატაროთ კომფორტულ და სუფთა გარემოში, ისარგებლოთ ყველა საჭირო წიგნითა და პერიოდული გამოცემით, კომპიუტერიზებული ბიბლიოთეკით, ელექტრონული ფონდებითა და შეუზღუდავი საინტერნეტო მომსახურებით, სპორტული მოედნებითა და დარბაზებით, ჩაერთოთ აქტიურად სხვადასხვა სტუდენტურ კლუბებში და განივითაროთ ლიდერის უნარ-ჩვევები - აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
თუ გსურთ, რომ ისწავლოთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიებში, მოისმინოთ ლექციები, რომლებსაც წაგიკითხავენ საუკეთესო ქართველი და უცხოელი სპეციალისტები – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
თუ გსურთ, საუნივერსიტეტო სწავლის პერიოდში შეხვდეთ, გაეცნოთ, მოუსმინოთ და ესაუბროთ მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, კინო თუ ხელოვნების სხვა დარგების მოღვაწეებს – აირჩიეთ სასწავლებლად საქართველოსუნივერსიტეტი!
თუ გსურთ მონაწილეობა სხვადასხვა სახის სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში, როდესაც თქვენი მასპინძლები იქნებიან მსოფლიოში სახელგანთქმული ევროპული თუ ამერიკული უნივერსიტეტები – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
თუ გსურთ, ცოდნის შეძენის რთული პროცესი დაცულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში გაატაროთ, სადაც მთელი სტუდენტური პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებით უფასო სამედიცინო მომსახურებითა და საუკეთესო სამედიცინო დაზღვევით - აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
საქართველოს უნივერსიტეტი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია საქართველოს უნივერსიტეტებს შორის!
გმადლობთ, რომ აირჩიეთ ჩვენი უნივერსიტეტი!