ცენტრები და ლაბორატორიები
იუჯი-ლიმეს რობოტექნიკის აკადემიის დაარსების ისტორია იწყება 2013 წლიდან, როდესაც ახალგაზრდა სტუდენტებმა გადაწყვიტეს შეექმნათ გარემო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ინოვაციური პროდუქტების შექმნა. ასევე ადგილი, რომელიც იქნებოდა ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პროგრამირების, რობოტიკის, ელექტრონიკის, ელექტრული ინჟინერიის, ახალი გამოგონებებისა და ახალი ტექნოლოგიების შესწავლა.
ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა გუნდმა დაიწყო ინოვაციური სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომელიც დაფუძნებულია ფუნდამენტური სწავლების პრინციპზე და ანალოგი არ აქვს მსოფლიო მასშტაბით. თითოეული სასწავლო პროგრამა ფოკუსირებულია პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიაზე, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს თეორიულ კომპონენტთან ერთად განავითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
2015 წელს კომპანიამ მმართველმა გუნდმა, მიუხედავად სხვა შემოთავაზებებისა, საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა საუკეთესო გადაწყვეტილებად მიიჩნია, დაინახა სწრაფად მზარდი, ახალი და თანამედროვე იდეებისადმი გახსნილი და ღია სტრუქტურა, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტებისა და სასწავლო გარემოს უწყვეტ განვითარებაზე. რის შემდეგაც, 2015 წელს დაარსდა კომპანია იუჯი-ლიმესი და უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის გაიხსნა იუჯი-ლიმესის ლაბორატორია.
იუჯი-ლიმესის ლაბორატორიაში ყველა პირობაა შექმნილი, რათა სტუდენტმა შეძლოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური პროდუქტის შექმნა და განვითარება ელექტრონიკის, ელექტრული ინჟინერიის, რობოტიკის, ახალი გამოგონებებისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროში. იმისათვის რომ შეიქმნას მსოფლიო კლასის ინოვაციური პროდუქტი, საჭიროა მაღალი დონის საინჟინრო-კვლევითი უნარების მქონე ტექნოლოგები და ინჟინრები. ამ მიზნით შემუშავებულია ინოვაციური სასწავლო პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს კომფორტული გარემოს ფორმირებას, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან პროგრამირების, რობოტიკის, ელექტრონიკისა და ელექტრული ინჟინერის ათვისებისათვის საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას.
ლაბორატორიაში განთავსებულია მაღალი დონის დანადგარები და ხელსაწყოები, მათ შორის CNC მანქანები, 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელები, სარჩილავი მოწყობილობები, ლაბორატორიული კვების ბლოკები. ასევე ელექტრული გამზომი ხელსაწყოები, როგორიცაა ციფრული ოსცილოგრაფები, მულტიმეტრები, ლოგიკური ანალიზატორები, სიგნალის გენერატორები. ეს ყოველივე სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, რომ განახორციელოს ნებისმიერი საინჟინრო პროექტი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით, პროტოტიპიდან მუშა მოწყობილობამდე. ამაში მას დაეხმარებიან ლაბორატორიაში მოღვაწე წარმატებული, მსოფლიოში აღიარებულ ლაბორატორიებში, მაგალითად CERN-ში მომუშავე გამოცდილი მენტორები, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში გაუწევენ კონსულტაციას პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.
იუჯი-ლიმესის ლაბორატორია მიზნად ისახავს სტუდენტებს და სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ხელი შეუწყოს დარგის ათვისებაში და გაუღვივოს მზარდი ინტერესი მომავალი წარმატებული საქმიანობისაკენ.
იუჯი-ლიმესის გუნდი გარდა საუნივერსიტეტო საქმიანობისა, აქტიურად ახორციელებს STEM საგნების პოპულარიზაციას სასკოლო ასაკში, რისთვისაც შექმნილია სხვადასხვა სასწავლო პროგრამები სკოლის მოსწავლეთათვის I კლასიდან XII კლასი ჩათვლით, რობოტექნიკის, პროგრამირების, მათემატიკის, თამაშების პროგრამირების მიმართულებით.
2016 წლიდან იუჯი-ლიმესის აკადემია გახდა წამყვანი ამერიკული საგანმანათლებლო კომპანიების ELENCO ELECTRONICS და littleBits წარმომადგენელი საქართველოში, რაც როგორც კომპანიისთვის, ასევე ქვეყნისთვის, უდიდესი წარმატებაა.
2019 წლიდან აკადემია გახდა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის ასოციაციის (wro-association) წევრი, რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად ჩატარდება მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა. გამარჯვებული გუნდები საქართველოს სახელით გაემგზავრებიან WRO-ს საერთაშორისო ფინალზე. https://wro-association.org/
ჩვენ გვჯერა რომ ტექნოლოგიური განათლება არის ის, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას და რისთვისაც ყოველდღიურად მუშაობს ჩვენი გუნდი, რათა ტექნოლოგიური სიახლეები, ინოვაციები, ახალი მეთოდოლოგიები პირველმა დანერგოს თავის სასწავლო პროგრამებსა და კურსებში.