ინფორმატიკის ინსტიტუტი
ინფორმატიკის ინსტიტუტი
სერგო ცირამუა ინფორმატიკის ინსტიტუტის დირექტორი მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელ-ფოსტა: s.tsiramua@ug.edu.ge 1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი. 1982 წელს გახდა ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგი) სამხედრო-საზღვაო აკადემიის ასპირანტი-მაძიებელი. 1984 წელს ლენინგრადის პოპოვის სახ. ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკური კიბერნეტიკის განხრით და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1999 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ასევე ტექნიკური კიბერნეტიკის განხრით და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1978 წლიდან 1993 წლამდე მიწათმოწყობის საპროექტო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების განყოფილებას, სადაც მან შექმნა საქართველოს მიწის კადასტრის ავტომატიზებულ სისტემა. 1993-1998 წლებში მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ასევე მის მიერ დაარსებულ ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების ლაბორატორიას. 1998-2004 წლებში თბილისში მსოფლიო ბანკის პროექტის მიწის რეგისტრაციის კომპონენტში ხელმძღვანელობდა IT/GIS ჯგუფს, სადაც შეიმუშავა საქართველოს მიწის რეგისტრაციის ინფორმაციული სისტემა, რომელიც დაინერგა მიწის რეგისტრაციის ეროვნულ სააგენტოში. 2004 წლიდან იგი მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც დაარსა ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლა (დღევანდელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა), რომელსაც ხელმძღვანელობდა 2009 წლამდე. ამჟამად ის არის საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სრული პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და ინფორმატიკის ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში ევროპასა და აშშ-ში. არის მონოგრაფიისა და რამოდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი, ასევე 5 გამოგონების თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული Erasmus+, Tempus, World Bank&IFAD, USAID, EU, KFW და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში. არის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის, კომპიუტერული საზოგადოებისა და სხვა საზოგადოებრივი/სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი. 2013 წელს საგანმანათლებლო მოღვაწეობაში დამსახურებისთვის საქართველოს პრეზიდენტისგან მიღებული აქვს ღირსების ორდენი და საქართველოს უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პროფესორის წოდება. სერგო ცირამუას კვლევის სფეროა: რთული სისტემების საიმედოობის, რისკებისა და უსაფრთხოების რაოდენობრივი შეფასების მათემატიკური მეთოდები, მოდელები და ალგორითმები; მაღალი საიმედოობისა და უსაფრთხოების მქონე რთული სისტემების ოპტიმალური დაპროექტებისა და მართვის საკითხები; მრავალფუნქციური ელემენტების შერჩევის, ფუნქციათა განაწილების, ელემენტთა ჩანაცვლებისა და ურთიერთშენაცვლების ოპტიმიზაციის ამოცანები. კვლევებში გამოყენებული მათემატიკური აპარატი: საიმედოობის თეორია, კომბინატორული ანალიზი, ლოგიკურ-ალბათური მეთოდები, მათემატიკური ოპტიმიზაციის მეთოდები, გრაფთა თეორია, ნეირონული ქსელები და სხვ. |
ინფორმატიკის ინსტიტუტის მიზანია უნივერსიტეტის ფარგლებში ხელი შეუწყოს სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო კადრების მომზადებას კომპიუტერულ მეცნიერებაში და ინფორმატიკაში. ინსტიტუტის დანიშნულებაა დასახელებული მიმართულებით ფუნდამენტური კვლევების, საკონსულტაციო, საექსპერტო და საპროექტო საქმიანობის განხორციელება, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში თანამშრომელთა მონაწილეობის ხელშეწყობა, სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ინსტიტუტი არის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სტრუქტურული ერთეული, ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მონაწილეობს სასწავლო პროცესში უნივერსიტეტის მასშტაბით.
ინსტიტუტის თანამშრომლები
სულხან სულხანიშვილი ინფორმატიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი ელ-ფოსტა: s.sulkhanishvili@ug.edu.ge დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური ინფორმატიკის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხური, ხოლო 2015 წელს დაასრულა საქართველოს უნივერისტეტის ფიზიკა, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებების სადოქტორო საფეხური. იგი 10 წელია ხელმძღვანელობს ინფორმატიკის დეპარტამენტს საქართველოს უნივერსიტეტში, ასევე ამავე უნივერსიტეტში იკავებს IT ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობას. 2019 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაარსდა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი, რომელიც თავიდან მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით გასცემდა განათლებას, ხოლო ამჟამად კოლეჯი მრავალპროფილურია. იგი არის Cisco-ს, Oracle-ს, MickroTik-ის, Microsoft-ისა და Palo Alto-ს საერთაშორისო სერთიფიცირებული ტრენერი და აკადემიების დამაარსებელი საქართველოში. იგი ასევე ავტორი და თანაავტორია რამოდენიმე სამეცნიერო სტატიისა და წიგნის ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. |
ალექსანდრე ბენაშვილი ასოცირებული პროფესორი,დოქტორი ინფორმატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ელ-ფოსტა: sbenashvili20@gmail.com ალექსანდრე ბენაშვილი არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მან 1989 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ასინქრონული ციფრული მოწყობილობების დამუშავება“. ალექსანდრე ბენაშვილი არის არაერთი მონოგრაფიის, სამეცნიერო სტატიის, სახელმძღვანელოს, საავტორო გამოგონებისა და პატენტის ავტორი. ალექსანდრე ბენაშვილის ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომი. საქართველოს უნივერსიტეტში იგი უძღვება სალექციო კურსებს შემდეგ საგნებში: კომპიუტერის არქიტექტურა, ოპერაციული სისტემა (Windows), კომპიუტერის სტრუქტურული ორგანიზაცია, კომპიუტერის პერიფერიის ორგანიზაცია, კომპიუტერული სისტემების ექსპლუატაცია და სერვისი. ალექსანდრე ბენაშვილს აქვს ფართო გამოცდილება საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და ხელმძღვანელობის კუთხით. ამჟამად იგი არის „ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების“ უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი, რომელიც ახდენს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებას, განახლებას და დამტკიცებას. ალექსანდრე ბენაშვილის სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს ასინქრონული ციფრული მოწყობილობები, კომპიუტერის აპარატურული უზრუნველყოფა, კომპიუტერის არქიტექტურა და ოპერაციული სისტემები. ალექსანდრე ბენაშვილს აქვს სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობისა და ხელმძღვანელობის გამოცდილება. ამჟამად ჩართულია CIF-ის (კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტში „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით.“ |
|