სიახლეები
2019 წლის მიწურულს გამოვიდა მანანა სანაძის ახალი კვლევა, რომლის სათაურია: მეფე დარჩილის (ვახტანგ გორგასლის ვაჟის) ცხოვრების ამსახველი ქრონიკები. მონოგრაფიაში მოთხრობილია ვახტანგ გორგასლის ვაჟისა და ტახტის მემკვიდრის, ქართლის, ფაქტობრივად, უკანასკნელი სასანიანი მეფის, დარჩილის ცხოვრების შესახებ.
აქამდე დარჩილზე ფრიად ცოტა რამ იყო ცნობილი, ბევრს ამ მეფის სახელიც კი არ გაუგონია. ბუნებრივია, ეს განაპირობა, ქართველთა ცხოვრებაში და მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკაში მის შესახებ დაცულმა ფრიად მწირმა ინფორმაციამ.
ჯერ კიდევ 2013 წ. მანანა სანაძისა და გონელი არახამიას ერთობლივ ნაშრომში: VI საუკუნის ქრონიკის კვალი დავით და კოსტანტინეს წამებაში მკვლევრებმა აჩვენეს, რომ არგვეთელი მთავრები დავით და კოსტანტინე ეწამნენ სპარსელების და არა არაბების დასავლეთ საქართველოში შემოჭრის დროს, როდესაც ეგრისის მმართველის ღუბაზ II-ის მოწვევით სპარსეთის შაჰი ხოსრო I დასავლეთ საქართველოში, ეგრისში შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ ხოსრო I-ს ისტორიოგრაფიაში ცნობილი ორი მეტსახელი ჰქონდა - ანუშირვანი (უძლეველი) და დადგარი (რჯულის დამდგენი, მქადაგებელი), ორივე ეს მეტსახელი დავით და კოსტანტინეს წამებაში ქართულ თარგმანში გვეძლევა - პირველი, როგორც მძლავრი და მეორე, როგორც სპარსთა დიდი ღაღადისი. ვახტანგ გორგასლის ვაჟები დარჩილი და მირი (მირდატი) 542/43 წლის ხოსრო ანუშირვანის ეგრისში შემოჭრის პერიოდში, დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდნენ. ისინი ანაკოფიის ციხეში გამაგრებულები დახვდნენ აფხაზეთისაკენ მიმავალ სპარსელ სარდალს და ბრძოლა გაუმართეს. ბრძოლაში მირი (მირდატი) დაიჭრა და დაიღუპა, დარჩილი კი კვლავაც ციხეში შებრუნდა.
ამის შემდეგ მ. სანაძემ ამ მიმართულებით კვლევა გააგრძელა, აღმოჩნდა, რომ ქართველთა ცხოვრებაში სტეფანოზ II-ის მმართველობის აღმწერი მონაკვეთის შემდგომ მოთავსებული ისტორიული ქრონიკა, რომელიც დავით და კოსტანტინეს წამებაში მოთხრობილი ამბების იგივეობრივს გვიყვება (ე. წ. მურვან ყრუს დასავლეთ საქართველოში ლაშქრობა, ანაკოფიის ციხეში მყოფი ქართლის მეფეების - არჩილისა და მირის მიერ მასთან გამართული ბრძოლა, მირის დაჭრა და გარდაცვალება), ლეონტი მროველის (XI ს-ის II ნახევარი) მიერ დიდი ქრონოლოგიური აღრევით, იქნა ჩასმული იმ ადგილას, სადაც დღეს იმყოფება და, დავით და კოსტანტინეს მარტვილობაში მოთხრობილი იმავე ამბების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, არა არაბებისა და ასიმ ჭიჭნაუმის შემოსევასთან, არამედ ვახტანგ გორგასლის ვაჟების მმართველობის ხანასთან და დასავლეთ საქართველოში ხოსრო ანუშირვანის შემოსევასთან გვაქვს საქმე.
მართლაც, ქართველთა ცხოვრების აღნიშნული მონაკვეთის დეტალურმა ტექსტოლოგიურმა ანალიზმა, აშკარა გახადა, რომ ქრონიკა, რომელიც ლეონტი მროველმა სტეფანოზ II-ის შემდგომ მოათავსა, ვინაიდან იქ დასახელებული პირები, ვახტანგ გორგასლის ვაჟები, ქართლის მეფე [დ]არჩილი და მისი უმცროსი ძმა მირი (მირდატი), სტეფანოზ III-ის ვაჟებთან უფროს ძმა მირთან და მის უმცროს ძმა არჩილთან გააიგივა, სინამდვილეში, სპარსეთ-ბიზანტიის დიდ ომსა (542-562) და ვახტანგ გორგასლის შვილების დარჩილისა და მირის ცხოვრებასა და სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაზე მოგვითხრობდა.
ამან ახალი ქრონიკის მიგნების ტოლფასი შედეგი მოგვცა - ქართლის მეფე დარჩილისა და მისი უმცროსი ძმის, პატრიკიოსი (ერისმთავარი) მირის ცხოვრება სრულიად ახალი მასალით შეივსო. ქართველთა ცხოვრებაში, სტეფანოზ II-ის შემდგომ მოთავსებული თხრობის ქრონო- ლოგიური ჩარჩოს სწორად განსაზღვრამ, იქ მოთავსებული ინფორმაციების VI-ის ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოპი კესარიელის თხრობასთან შეპირისპირების შესაძლებლობა მოგვცა.
აღმოჩნდა, რომ ძველი ქართული ქრონიკის ინფორმაციები სრულ სინქრონში მოდის პროკოპის ინფორმაციების იმ ნაწილთან, რომელშიც ის ეგრისში (დასავლეთქართული სამეფო) სპარსეთ-ბიზანტიის 542-562 წლების ომზე მოგვითხრობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროკოპის ის მონათხრობი, როდესაც მემატიანე: 1. ხოსრო ანუშირვანის მიერ აფხაზეთში ლაშქრის გაგზავნას, ამ ლაშქრის მიერ სებასტოპოლისის (ცხუმის) და პიტიუნტის (ბიჭვინთა) მიდამოების დარბევასა და შემდგომ მის უკან დაბრუნებას და ციხის-ძირთან კვლავაც სპარსთა ძირითად ლაშქართან შეერთებას გვამცნობს და 2. როდესაც ის, სპარსი სარდლის მერმეროეს ეგრისის დედაქალაქ ციხე-გოჯზე ერთ-ერთი ლაშქრობის დროს, სპარსთა ლაშქარში მოულოდნელად და ერთბაშად 20 ათასი ცხენის დაცემაზე მოგვითხრობს.
პროკოპი კესარიელის ცნობების, ავტორის მიერ სწორ ქრონოლოგიაში აღდგენილი ქრონიკის მონაცემების, ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ბოლო მონაკვეთის, ქართველთა ცხოვრებაში დაცული დარჩილის ცხოვრებისა და დავით და კოსტანტინეს წამების ინფორმაციების გათვალისწინებითა და შეჯერებით, დარჩილის ცხოვრება-მოღვაწეობა მნიშვნელოვნად ივსება და VI საუკუნის საქართველოს ისტორიაც სრულიად განსხვავებულად წარმოჩნდება.