ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის სტატია მაღალი რეპუტაციის მქონე სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

27 January 2023

საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორის, პროფესორ ფარიბორზ შარიფიან ჯაზის, სტატია — „მაგნიუმის შენადნობების ლაზერზე დაფუძნებული დანამატური წარმოება ძვლოვანი ქსოვილის ინჟინერიისთვის: ქიმიიდან კლინიკამდე“ — საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Journal of Manufacturing and Materials Processing-ში გამოქვეყნდა.

პროფესორ ფარიბორზ შარიფიან ჯაზის მის მიღწევასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დავუსვით. გთავაზობთ მის პასუხებს:

1. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევას ადამიანის ცხოვრებაზე?

ქსოვილთა ინჟინერია უკვე ათწლეულებია აქტუალური კვლევისა და დისკუსიის საგანია. ვინაიდან შესაძლებელია კონკრეტული ქსოვილების საჭიროებისამებრ შექმნა და მათი სასურველ ადგილას უფრო მარტივად გამოყენება, ორგანიზმის ქსოვილებს ბუნებრივი ფუნქციონირების აღდგენა და გაგრძელება შეუძლია.

მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილი შედგება ხარაჩოსა და იმ მასალებისგან, რომლებიც ხარაჩოს ცარიელ სივრცეებს ავსებს ან თავად ხარაჩოს ნაწილია. შესაბამისად, შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების, მაგალითად, სიმსივნის, შემთხვევითი ტრავმის ან თუნდაც დამწვრობის მქონე პაციენტებისთვის ქსოვილების შექმნა, რაც მათ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

ამ ტექნოლოგიის გაერთიანება შესაძლებელია სხვა მოწინავე ტექნოლოგიებთან, მაგალითად, ლაზერებთან, რაც გაცილებით გაუმჯობესებული ხარაჩოების შექმნის საშუალებას იძლევა. ამასთანავე, გამოყენებული მასალები ბიოთავსებადი უნდა იყოს, რათა შემცირდეს ორგანიზმის მიერ გადანერგილი ქსოვილის უარყოფის რისკი.

რაც უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ ქსოვილთა ინჟინერიას, მით მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ კვლევაში განვიხილეთ მაგნიუმის შენადნობების ლაზერზე დაფუძნებული დანამატური წარმოება ძვლოვანი ქსოვილის ინჟინერიისთვის.

2. კონკრეტულად როგორ უკავშირდება კვლევის საგანი აღნიშნულ საკითხებს?

მიუხედავად იმისა, რომ ქსოვილთა ინჟინერიის ახსნა ერთი შეხედვით მარტივია, სტრუქტურის თითოეული ნაწილის, ხარაჩოსა თუ მასალის შექმნა საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. თითოეული მათგანის შესაქმნელად სხვადასხვა ტექნოლოგიაა შემუშავებული.

არსებულ შესაძლებლობებს შორის ჩვენ ხარაჩოს შესაქმნელ ინსტრუმენტად ლაზერი, ხოლო ბიოთავსებად მასალად მაგნიუმის შენადნობები შევარჩიეთ. ნაშრომის მიზანი იყო მაგნიუმის შენადნობების ლაზერზე დაფუძნებული დანამატური წარმოების მიმართულებით ბოლო პერიოდის მიღწევების მიმოხილვა, კვლევაში არსებული გამოწვევების შეფასება და კლინიკური გამოყენებისთვის განკუთვნილი მაგნიუმის ხარაჩოების სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვა.

3. რა იყო კვლევის განხორციელებისას მთავარი გამოწვევები და რა უნარები იყო საჭირო?

უდავოდ, ამ კვლევის განხორციელებისას ყველაზე რთული ნაწილი მონაცემების შეგროვება იყო. მონაცემების სხვადასხვა სამეცნიერო წყაროს გამოყენებით მოპოვებას დიდი დრო დასჭირდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის საგანი საკმაოდ სპეციფიკური და შედარებით ახალი მიმართულებაა.

ასევე, გრაფიკებს განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევდით, რათა ისინი მკითხველისთვის მაქსიმალურად მკაფიო და გასაგები ყოფილიყო. როგორც სათაურიდანაც ჩანს, ეს საკითხი მულტიდისციპლინურია და მისი სხვადასხვა ასპექტის შესწავლა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შეუძლიათ.

შესაბამისად, სტატიისთვის მონაცემების ერთიან, გასაგებ სურათად თავმოყრა გარკვეულწილად რთული იყო. თუმცა, საბოლოო შედეგი ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა.

4. როგორ შეუძლიათ სტუდენტებს ამ სფეროში ჩართვა და რატომ უნდა დაინტერესდნენ ამ მიმართულებით?

ქსოვილთა ინჟინერია აერთიანებს ისეთ დარგებს, როგორიცაა მედიცინა, ქიმია, ბიოქიმია, ნანოტექნოლოგია, ბიოლოგია და მასალათმცოდნეობა. შესაბამისად, ამ სფეროში სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ ჩართვა.

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ამ სფეროს ადამიანებისთვის. მილიონობით ადამიანს შეიძლება მიეცეს განუკურნებელი ან რთულად სამკურნალო დაავადებების დაძლევის შესაძლებლობა.

ქსოვილთა ინჟინერია ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირება. სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს ამ მიმართულებით ახალი ცოდნის აღმოჩენაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. მათ შეუძლიათ, კიდევ უფრო მეტი შეიტყონ ამ სწრაფად განვითარებადი სფეროს შესახებ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ახალი ცოდნის შექმნაში.

5. რატომ დაინტერესდით ამ მიმართულებით კვლევით?

ქსოვილთა ინჟინერიის სფეროში კვლევებში მონაწილეობამ და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებამ, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებაში, გვიბიძგა ამ თემაზე სტატიის მომზადებისკენ და უფრო დეტალურად დაკვირვებოდით, თუ როგორ შეიძლება მისი ოპტიმალური გამოყენება ლაზერისა და ბიოთავსებადი მასალის — მაგნიუმის — მეშვეობით.

6. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ კონკრეტულ კვლევას დღემდე?

სხვადასხვა ქვეყნის არაერთმა სტუდენტმა გამოთქვა ამ თემით დაინტერესება და მომავალში აღნიშნულ საკითხზე კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიების სურვილი. ამ ყველაფერმა მომავალში ეფექტური თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა.

7. რა როლი შეასრულა საქართველოს უნივერსიტეტმა თქვენს მიღწევაში?

დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს უნივერსიტეტს ჩემს კვლევაში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, მათ შორის საჭირო აღჭურვილობის მომზადებისთვის. უნივერსიტეტი დღემდე დიდ დახმარებას მიწევს იმ საკითხების მიმართულებით, რომლებიც დამატებით კვლევას საჭიროებს.

ასევე, უნივერსიტეტისგან მივიღე მხარდაჭერა ლაბორატორიის აღჭურვისა და საჭირო მასალების მომზადების პროცესში. უნივერსიტეტის თანამშრომლებიც ძალიან მეხმარებოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

8. კიდევ რაიმეს ხომ არ ეტყოდით ჩვენს სტუდენტებს?

ქსოვილთა ინჟინერია მართლაც მაგიას ჰგავს — რაც უფრო მეტს იგებთ მის შესახებ, მით უფრო მეტად ინტერესდებით ამ სფეროთი!

ჩემი მთავარი რჩევა სტუდენტებისთვის იქნება, გაითვალისწინონ, რომ ეს სფერო მულტიდისციპლინურია. ამიტომ, თუ ამ მიმართულებით მუშაობა გსურთ, თქვენი ძირითადი სპეციალობის გარდა, დამატებით სხვა სფეროებშიც მიიღეთ განათლება და ცოდნა. ეს ნამდვილად დაგეხმარებათ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი