ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


11 February 2022
საქართველოს უნივერსიტეტი პროფესორების ერთობლივი სტატია "ამერიკის ბიო-სამედიცინო მეცნიერებისა და კვლევის ჟურნალში" გამოქვეყნდა.

2021 წლის სამ ივნისს "ამერიკის ბიო-სამედიცინო მეცნიერებისა და კვლევის ჟურნალში" გამოქვეყნდა საქართველოს უნივერსიტეტი პროფესორების მანანა მაჩიტიძის, ელზა ნიკოლეიშვილისა და მაია გოგაშვილის ერთობლივი სამეცნიერო სტატია სათაურით "ექთნების ნაკლებობაზე მოქმედი ფაქტორები - ლიტერატურის მიმოხილვა". პუბლიკაციასთან დაკავშირებით ჩვენს შეკითხვებს სტატიის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა მაჩიტიძე უპასუხებს.

1.   რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევის შედეგს ადამიანების ყოფაზე?

      ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, განსხვავებული ფუნქციებით და მოვალეობებით, ემსახურებიან საერთო მიზანს - პაციენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. სხვა პერსონალთან შედარებით, ექთანი მუდმივად არის პაციენტთან ახლოს. მათ აქვთ რეგულარული კომუნიკაცია როგორც პაციენტებთან, ასევე ექიმებთან, ფარმაცევტებთან, პაციენტის ოჯახის წევრებთან, ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა წარმომადგენლებთან. პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დროული ინტერდისციპლინური კომუნიკაცია, არამედ ექთნების კვალიფიკაცია და ექთანი-პაციენტის თანაფარდობა. დაავადების მონიტორინგი, ფოკუსირებული და კომპეტენტური შეფასება, შედეგების ანალიზი, პოტენციური გართულებების და მისი გავლენის დროული აღმოფხვრა, მოითხოვს ექთნის მობილიზებას. სამწუხაროდ, სწორედ მობილიზება არის პრობლემა. არამხოლოდ ადამიანური რესურსის ნაკლებობა, არამედ ექთნების კვალიფიკაციაც გასათვალისწინებელია. არაერთი კვლევის შედეგით არის დადასტურებული, რომ კლინიკაში მაღალკვალიფიციური ექთნების საკმარისი რაოდენობა პირდაპირ კავშირშია პაციენტთა უსაფრთხოებასთან, მათი სტაციონარში დაყოვნების შემცირებასთან, დაბალი სიკვდილიანობის კოეფიციენტთან, კლინიკისადმი პაციენტთა სანდოობასთან და მის რეიტინგთან. თითოეული ადამიანი, პოტენციური პაციენტია, რომელიც საჭიროებს ჯანდაცვის სერვისების მიღებას, შესაბამისად ექთნის ჩართულობას. ამიტომ საკითხის ფუნდამენტური შესწავლა, გააზრება, მოქმედი ფაქტორების და მისი გავლენების შესწავლა, პრობლემისადმი სწორი მიდგომა, რომელიც მეცნიერულად იქნება დასაბუთებული, დაგვეხმარება გააძლიეროს და ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას და პოპულარიზაციას, რაც თავისთავად, დადებითად აისახება პროფესიის განვითარებასა და სამედიცინო სერვისების ხარისხზე, პაციენტების მკურნალობის და მოვლის შედეგებზე. ეს კი იქნება ის შედეგი, რომელიც მოახდენს გავლნას ადამიანების ყოფაზე.

2.   კონკრეტულად როგორ უკავშირდება კვლევის საგანი ამ საკითხებს?

    მსოფლიოში ექთნების დეფიციტი აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მულტიდისციპლინარული გლობალური მრჩეველთა ჯგუფის მიერ. როგორც აღვნიშნე, პაციენტებისა და ზოგადად მოსახლეობისთვის სათანადო ზრუნვის უზრუნველსაყოფად საჭიროა კვალიფიციური ექთნები. ექიმთა უზრუნველყოფის მაჩვენებლისაგან განსხვავებით, საქართველოში ექთნების რაოდენობა ერთ-ერთი დაბალია ევროპის რეგიონში და ყოველწლიურად უფრო მცირდება. ჩვენ გვაქვს ექთნების დეფიციტი და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.  კარგად მომზადებული და განათლებული ექთნების სიმცირე საყურადღებოა მით უფრო, რომ ის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო მასშტაბს იღებს.  დეფიციტი გამოწვეულია ჯანდაცვის სექტორში ექთნებისადმი გაზრდილი მოთხოვნილებით, მაშინ როდესაც სულ უფრო ნაკლები ადამიანი ირჩევს ექთნობას, როგორც პროფესიას.  ეს  განაპირობებს  მომუშავე ექთნების ასაკის მატებას და დაბერებას. განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში ექთნების გადაადგილება და მიგრაცია, ხშირ შემთხვევაში, პრობლემას ამწვავებს ქვეყნის შიგნით და  დეფიციტს ზრდის. ექთნების ნაკლებობა იმდენად გლობალურ პრობლემად გადაიქცა, რომ მხოლოდ ერთი გამოკვეთილი მიზეზი არ არსებობს, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრი საერთო ფაქტორია, რომელიც ქვეყნების განვითარების მიუხედავად არსებობს ყველგან.

     ექთნების დეფიციტი კრიტიკული საკითხია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, საავადმყოფოებში ექთნების ნაკლებობა სერიოზულ პრობლემებს იწვევს, რადგან ეს გავლენას ახდენს პაციენტის მოვლის საერთო ხარისხზე. საინტერესოა ისიც, რომ არა მხოლოდ ფაქტორები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, არამედ ამ ფაქტორების გავლენის შედეგები. თითქოს ნათელია პრობლემა, შესწავლილია საკითხი, მაგრამ უფრო ჩარღმავება მეტ კითხვას აჩენს და ახალი კვლევის იდეას, ამოცანას, კითხვებს ბადებს. აქედან გამოდინარე, თითოეული ფაქტორის შესწავლა, რეგიონების, ქვეყნების მიხედვით ამ დეფიციტზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენა და გაანალიზება, გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს მკვლევარს. მითუმეტეს მაშინ, როცა საქართველოში ექთნების რაოდენობა ერთ-ერთი დაბალია ევროპის რეგიონში. არადა მსოფლიოში დეფიციტია და პროფესია მოთხოვნადი, მაგრამ მისი დაუფლების მსურველი ძალიან ცოტაა.

3.   როგორ შეუძლიათ  სტუდენტებს ჩაერთონ კვლევის ამ სფეროში და რატომ ურჩევდით მათ ამის გაკეთებას?

      სტუდენტების ჩართულობა კვლევის ამ სფეროში მნიშვნელოვანია. ექთნების დეფიციტი და ზოგადად, ექთნის პროფესიის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები, არ არის და არ უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი დისციპლინის ჩარჩოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ უნდა იყოს მხოლოდ ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებული პირების, სპეციალისტების, სტუდენტების კვლევის საგანი. ჩემი აზრით, თემატიკას აქვს პოტენციალი, რომ ინტერდიციპლინარულ ჭრილში გაგრძელდეს საკითხის კვლევა და ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, განათლების, ჯანდაცვის ადმინისტრირების და განათლების პოლიტიკის მიმართულებების სტუდენტებისთვის კვლევის თემა გახდეს. თითოეული ამ სპეციალობის სტუდენტი, ახალგაზრდა მკვლევარი იპოვის მისთვის საინტერესო ჭრილში კვლევის საკითხს. მაგალითად, ექთნების დეფიციტის და მისი შედეგების კვლევის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ექთნების ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო გამო პირობების გათვალისწინებით, შრომის სოციოლოგია, რომელიც ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის სტუდენტებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება იყოს. ჩემი ნაშრომი მოიცავს ისეთ საკითხს, როგორიცაა ექთნების კვალიფიკაცია, რაც ვფიქრობ, განათლების ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის, არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებითაც საინტერესოა ექთნების პრეობლემების დანახვა. სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების ჩართულობა, პრობლემების ინტერსდისციპლინურ ჭრილში გაანალიზება, ხელს შეუწყობს, როგორც სფეროს შიგნით ცალკეული პრობლებემის ვიწრო მიმართულებით დანახვას, ასევე ერთიანობაში, პრობლემის იდენტიფიცირებას, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას და გამოცდილების მიღების დასაბამი იქნება. რაც მეტი საკითხი იქნება შესწავლილი, მით უფრო ადვილი იქნება პრობლემის, სიმწვავის სირთულის ანალიზი. ეს კი მათი აღმოფხვრის გზების მოძიების საშუალებას მოგვცემს.

4.   რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას უკავშირდება?

      მიუხედავად იმისა, რომ ექთნების დეფიციტი გლობალური პრობლემაა, თითქოს საკითხი შესწავლილია და პრობლემა სახეზეა, ვფიქრობ ძირითადი გამოწვევა სწორედ მისი გლობალურობაა.  როდესაც აანალიზებ ერთი ქვეყნის პრობლემას, იქვე ჩნდება შეკითხვა, მსგავსი პრობლემა არ არსებობს სხვა ქვეყანაში, თითქოს ეს კონკრეტული საკითხი მოგვარებულია, მაგრამ დეფიციტი მაინც არსებობს. მაშინ სად არის გამოსავალი? ფაქტორების მრავალფეროვნება და ამ მრაფალფეროვნებაში მნიშვნელოვანი კვანძის დანახვა, ესაა ძირითადი გამოწვევა თემაზე მუშაობისას.

     როგორც არაერთხელ აღვნიშნე, საექთნო პერსონალის დეფიტიცი დიდი ხანია არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, რაზეც მიუთითებს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები და ექთანი-პაციენტისა და ექიმი-ექთანის თანაფარდობის სტატისტიკური მონაცემები. სხვადასხვა ქვეყნაში ჩატარებული  არაერთი კვლევის ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ ექთნის პროფესია დასახელებულია 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მოთხოვნად და  მაღალანაზრაურებად პროფესიებათა  ჩამონათვალს შორის, მისი დეფიციტი მაინც აქტუალურია. თითქოს წრეზე ხდება ტრიალი. ერთის მხრივ, არ არის საკმარისი ადამიანური რესურსი, ამავდროულად, კვლევების მიხედვით, მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. არის დეფიციტი, ვინაიდან  ახალგაზრდები ექთნობის მიმართ დაბალ ინტერესს იჩენენ. სად არის ლოგიკა? თუ  პროფესიის არაპოპულარობა დაბალი ფინანსური ანაზღაურებით არის განპირობებული (რაც აქამდე ჩატარებული კვლევებით არის დადასტურებული), მაშინ, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში ექთნის პროფესიის დაუფლების მსურველთა რაოდენობის შედარება, აბსოლუტურად არ არის თანხვედრაში.  ასეთ საკითხებზე კვლევის თემა, ისევე როგორც სტატიაზე მუშაობის პროცესი, ყოველთვის საინტერესოა. ის მოითხოვს, როგორც საკითხის ფუნდამენტურ ცოდნას, ასევე ანალიზის გაკეთების უნარს. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ‘’თუ არ იცით როგორ შექმნათ დამაინტრიგებელი პირველი წინადადება, თქვენი სტატიის დარჩენილი 980 სიტყვა სრულად ფუჭი იქნება’’. ამიტომ სტატიის მომზადების/შექმნის, სტრუქტურულად გამართვის, ლიტერატურის მოძიების, აკადემიური წერის უნარების ცოდნა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაშრომზე მუშაობისას. ყოველივე ეს ხელს უწყობს მუდმივად მობილიზებას, პროფესიულ ზრდას, სიახლეების ფეხდაფეხ მიდევნებას, კოლეგებთან კომუნიკაციას და ცოდნის გაზიარებას.

5.   რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?

      ექთნის პროფესიაში არსებული პრობლემების შესახებ მსჯელობა წლების მანძლზე მიმდინარეობს და სხვადახსვა პერიოდის კვლევის შედეგი პრობლემის სიმწვავეს უფრო თვალნათელს ხდის. საექთნო განათლების სფეროში მრავალწლიანმა მუშაობამ, მომცა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება შევხებოდი ექთნების დეფიციტის და მისი შედეგების კვლევას და ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს მიღებული საექთნო განათლება  და ეს არ არის ჩემი საბაზისო პროფესია, თითქმის 10 წელზე მეტია ვმუშაობ საექთნო საქმის პრობლემებისმისი განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების ანალიზზეწლების წინ, ემორის უნივერსიტეტის საექთნო ფაკულტეტის TOT კურსის გავლა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება, დამეხმარა საფუძველი გამხდარიყო ექთნის პროფესიის და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენის, მოგვარების გზების ძიების და განვითარებაზე მუშაობაში ჩართვისთვის. კლინიკაში მუშაობისას ექიმის გადმოსახედიდან დანახული ექთნის განათლების დონის მნიშვნელობა, დამეხმარა ამ კუთხითაც მემუშავა. წლების მანძილზე, საექთნო  გაიდლაინებზე მუშაობა, მათი ადაპტირება და დანერგვა, თითქმის მთელი საქართველოს მაშტაბით ექთნებისთვის ტრენინგების ჩატარება, მეხმარებოდა ექთნებთან კომუნიკაციაში, რეგიონების მიხედვით მათი პრობლემების, საჭიროებების დანახვასა და გააზრებაში. ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩემი სადოქტორო დისერტაცია ასევე ეხება ექთნების განათლების დონისა და ექთნების დეფიციტის გავლენას პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესზე.

      რამდენჯერმე ვახსენე, რომ ექთნების დეფიციტი გლობალური პრობლემაა და ის სხვადასხვა გავლენას ახდენს ქვეყნებზე, მათი განვითარების მიხედვით. საქართველო მიეკუთვნება იმ  ქვეყნების რიცხვს, სადაც გარდა ადამიანური რესურსის სიმცირისა, ამ სფეროში საკანონმდებლო და განათლების დონის პრობლემაცაა. ვიცი რა პრობლემის სიმწვავე, მსურს მეცნიერულად დასაბუთებული კვლევებით (ჩემი და ლიტ. ანალიზი), ხაზი გავუსვა საექთნო განათლების მნიშვნელობას და იმ რეალობას, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. ვფიქრობ, პრობლემისადმი სწორი მიდგომა, რომელიც მეცნიერულად იქნება დასაბუთებული,  სწორი მიმართულებით წარმართავს პრობლემის მოგვარების გზა, რაც აამაღლებს მოსახლეობაში ექთნის პროფესიაზე ინფორმირებულობას; ეფექტურს გახდის განხორციელებულ ღონისძიებებს და აქტივობას, რათა გაიზარდოს  უმაღლესი საექთნო განათლების მიღების მსურველთა რიცხვი. თავისთავად, ეს გააძლიერებს და ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და პოპულარიზაციას და დადებითად აისახება პროფესიის განვითარებასა და სამედიცინო სერვისების ხარისხზე.

6.   მოგვიყევით თქვენი თანაავტორების შესახებ.

     დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ ჩემ თანაავტორებს და კოლეგებს, ვისთან ერთადაც  ვმუშაობდი ნაშრომზე. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტულ სტატიაზე მუშაობით. თითეული ჩვენგანი არამხოლოდ დაინტერესებულია კვლევის საკითხით, არამედ წლებია აქტიურად ვმონაწილეობთ საქართველოში საექთნო საქმის განვითარების ხელშეწყობის პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციების ფარგლებში. პროფესორი მაია გოგაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო დეპარტამენტის უფროსი და საქართველოში საექთნო საქმის რეფორმის სტრატეგიის ერთ-ერთი ავტორია. აქვს სწავლების, პროფესიული და უმაღლესი საექთნო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება; აქტიურად თანამშრომლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. პროფესორი ელზა ნიკოლეიშვილი, ჩვენი უნივერსიტეტის, ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლაში სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღავნელია. გარდა იმისა, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღანელია, ასევე არის უწყვეტი განათლების პროგრამისა და ტრენინგების თანაავტორი, რომლებიც აქტიურად ხორციელდება ჯანდაცვის მეცნიერებების სკოლაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე სამეცნიერო მიმართულებებითაც. ამჟამად ვმუშაობთ ახალ ნაშრომზე, თითქმის მზად არის გამოსაცემად და ერთგვარი გაგრძელება იქნება "Factors Affecting Nurses’ Shortage – Literature Review" ნაშრომის. ახალი სტატია მოიცავს მიმოხილვით ანალიზს თემაზე: ‘’Impact of The Nurses Education and Shortage on the Patients Safety’’. ექთნების დეფიციტის მიზეზები და მასზე მოქმედი ფაქტორები განსხვავდება ქვეყნების განვითარების მიხედვით. თუმცა, Covid-19-ის პანდემიამ პრობლემა გლობალურად გაამწვავა. სავარაუდოა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პანდემიის სხვადასხვა ტალღების გავლენა მნიშვნელოვანი და მძიმე იყო, ის ასევე შეეხო საექთნო პერსონალს. სამწუხაროა, რომ ექთნების ნაკლებობის, პერსონალის დაბერების და პანდემიის შედეგის გამო, ICN (International Council of Nurses)-ის შეფასებით, მომავალში ექთნების გლობალური დეფიციტის შესავსებად 13 მილიონამდე ექთანი იქნება საჭირო. დეფიტიცი გავლენას ახდენა არა მხოლოდ კლინიკურ სექტორზე, არამედ განათლების სფეროზეც....  ამ სტატიის მიზანია, როგორც პრობლემის და მისი გამომწვევი მიზეზების, ასევე შედეგების ანალიზი. 

7. რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე ამ კონკრეტულ ნაშრომს?

    იმდენად აქტუალური, პრობლემატური, საინტერესო საკითხია, ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ახალ ნაშრომს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ვინაიდან უცხოურ ჟურნალში იყო გამოქვეყნებული სტატია, ძირითადი გამოხმაურება იყო საერთაშორისო კოლეგებისგან, რომლებიც დაინტერესებული არიან კვლევის საკითხით, და რაც სასიხარულოა, ყველა გამოხმაურება დადებითი შეფასების იყო.

     მივიღეთ მოწვევა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციიდან და ვებინარიდან, სადაც წარვადგენთ ჩვენ ნაშრომს და დისკუსიაში მივიღებთ მონაწილეობას. მაისში მივემგზავრებით დუბაიში “5th World Congress on Nursing Education & Health Care” მონაწილეობის მისაღებად. მიწვეული ვართ, როგორც სპიკერი და პლენარული სხდომის თავმჯდომარე. ჩვენი მოხსენების თემებია: “COVID-19 Pandemic Effects on Nursing Education -Reality and Perspectives” - მომხსენებელი: მანანა მაჩიტიძე და “Pediatric Nursing Problems in Georgia” - მომხსენებელი: პროფ. მაია გოგაშვილი.

8. რა დამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა ჰქონდა ამ კვლევას?

     ჩვენი უნივერსიტეტისგან ყოველთვის გვაქვს მხარდაჭერა სამეცნიერო, და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, მუშაობის ხელშეწყობისთვის. ამჯერადაც, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებების სკოლის ფინანსური მხარდაჭერით წარვდგებით საერთაშორისო კონგრესზე, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ნაშრომი მოიცავს ლიტერატურის მიმოხილვას, არ ჩატარებულა კვლევა, შესაბამისად ამ ეტაპზე არ დაგვჭირვებია დამატებით დაფინანსება. ჩვენ, ავტორებმა წვლილი შევიტანეთ შესაბამისი პუბლიკაციების მოძიებაში, მათ შეჯამებასა და ინტერპრეტაციაში/გაანალიზებაში და ნაშრომის დაწერაში. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება და მადლობას ვუხდი საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ სტატიების ავტორებს მათი მუშაობისთვის, რომელთა კვლევის შედეგებიც იქნა გამოყენებული ჩვენს ნაშრომში.

    

 

 

 

 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი