ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


14 February 2022
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორისა და დოქტორანტის ერთობლივი სტატია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა.

 საქართველოს უნივერსიტეტის, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტის მაკა საბაშვილის და სტომატოლოგიური დეპარტამენტს პროფესორ ქეთევან ნანობაშვილის ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის პროცესში, გამოიცა რამდენიმე სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია ამერიკულ, მაღალ რეიტინგულ  ჟურნალებში. გთავაზობთ პროფესორ ქეთევან ნანობაშვილთან ხსენებულ საკითხზე ჩაწერილი ინტერვიუს ტექსტს. 

 

1.              რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევის შედეგს ადამიანების ყოფაზე?

 

ნებისმიერი კვლევა, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და მისი გაუმჯობესების საშუალებების ძიებას, გავლენას ახდენს მის ყოფასა და კეთილდღეობის ხარისხზე. შესაბამისად, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა მიმართული იყო აუტისტური სპექტრის მქონე პედიატრიული ასაკის პაციენტების სტომატოლოგიური მკურნალობის საჭიროებებისა და საშუალებების შესწავლისკენ.

სამწუხაროდ, ამჟამად ნაკლებად მოიპოვება ამ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პატარა პაციენტებისათვის სტომატოლოგიური მანიპულაციების უმტკინვეულოდ და ფსიქოლოგიური ტრავმის გარეშე ჩატარების საშუალებები, რის გამოც ძირითადად მიმართავენ ზოგადი გაუტკივარების ქვეშ (ნარკოზით) „პრობლემური“ კბილის ექსტრაქციას.

კიდევ უფრო სავალალო ფაქტებს წავაწყდით მათთვის რუტინული პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებების (იგულისხმება ძალიან ბანალური კბილის ჯაგრისის და კბილის პასტის) შერჩევისა და ყოველდღიურ რეჟიმში გამოყენების სწავლების თვალსაზრისით. ეს უკანასკლნელი კი, როგორც ცნობილია, პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის უპირობო აუცილებლობას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ბავშვთა სტომატოლოგები - ჩვენი სამედიცინო პრაქტიკის ფარგლებში მუდმივად შეხებაში ვართ ამ სახის პრობლემასთან. სწორედ, აღნიშნულის გადაჭრის გზების ძიებამ მიგვიყვანა იმ მოსაზრებამდე, რომ საკითხი საჭიროებს უფრო ჩაღრმავებულ შესწავლას, კვლევას და მიღებული შედეგების საფუძველზე კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებასა და დანერგვას ჩვენს პრაქტიკაში.

კვლევის შედეგებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, გაუმჯობესდება აუტისტური სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე პირთა და მათი მშობლების/მეურვეების ყოფა. დაიწყება სტომატოლოგების კვალიფიკაციის ამაღლება, უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც ასა-ს მქონე პირების სტომატოლოგიური მკურნალობის სრულყოფილად ჩატარების წინაპირობაა. ასევე, რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება ფინანსური ხელშეწყობა და მკვეთრად გაუმჯობესდება მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსი, რაც  საზოგადოებრივი ჯანდაცვის კეთილდღეობაზე აისახება;

 

2.              კონკრეტულად როგორ უკავშირდება კვლევის საგანი ამ საკითხებს?

კვლევის საგანს წარმოადგენს ასა-ს მქონე პირები, რაც პირდაპირ კავშირშია ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან რადგან, მოხდეს მათი ადაპტირება სტომატოლოგიურ სიცრცეში და გაუმჯობესდეს მათთვის მომსახურების ხარისხი. აუტისტური სპექტრის მქონე პედიატრიულ პაციენტებთან სტომატოლოგიური მკურნალობის ჩატარებისას ვაწყდებით რამდენიმე სახის პრობლემას:

·                როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სახლის პირობებში პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა: მათი სენსორიკის დარღვევის გამო კბილის ჯაგრისის გამოყენება და კბილის პასტის სპეციფიური გემო ართულებს რუტინული სახლის ჰიგიენური პროცედურების ჩატარებას. კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ ფსიქოლოგებთან და ოკუპაციურ თერაპევტებთან ერთად შექმნილი სპეციალური პროგრამა „50 გაკვეთილი“, რომელიც საშუალებას გვაძლევს ამ ბავშვებს „შეავსწავლოთ“ პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების ხმარება

·                კვების თავისებურება - ისევ მათი გემოვნების სპეციფიურობიდან გამომდნარე, ასა-ს მქონე ბავშვებში დარღვეულია ბალანსირებული კვება, რაც გავლენას ახდენს მათ ზოგად და პირის ღრუს ჯანმრთელობაზე;

·                აუცილებელი, ყველაზე მარტივი სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარება სტომატოლოგიურ კაბინეტში, რომელიც არ არის ამ კონკრეტულ პაციენტებზე ადაპტირებული, ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში - უშედეგოც კი არის. შესაბამისად, შევისწავლეთ კლინიკების ადაპტირებისა და მათი მზაობა ასა-ს მქონე სტომატოლოგიური პაციენტების მისაღებად;

·                ბავშვთა სტომატოლოგების კვალიფიციურობა და მათი კვალიფიკაციის კონტროლის საშუალებები ასა-ს მქონე პაციენტების მიღებისას. სამწუხაროდ, კვლევის ფარგლებში გამოკითხული სპეციალისტებიდან მხოლოდ მიზერულად მცირე რაოდენობას ჰქონდა გავლილი სპეციალური ტრენინგი ასა-ს მქონე პაციენტებთან მუშაობისათვის.

 

3.              როგორ შეუძლიათ  სტუდენტებს ჩაერთონ კვლევის ამ სფეროში და რატომ ურჩევდით მათ ამის გაკეთებას?

ზოგადად, სტუდენტების ჩართულობა ყველა სამეცნიერო კვლევაში მნიშვნელოვანია, მათი სასწავლო-სამეცნიერო კუთხით განვითარებისთვის. კონკრეტულ კვლევაში ჩართულობისთვის, საჭიროა მათი დაინტერესება და ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების უნარი - რაც დეონტოლოგიის საფუძველს წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში ასა-ს მქონე პაციენტების მოწვევა ხდებოდა საქართველოს უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა UG Reavita dent-ში სტუდენტური პრაქტიკების განმავლობაშიც. სტომატოლოგიური დეპარტამენტის სტუდენტები მუდმივად ჩართულები იყვნენ ასა-ს მქონე პაციენტების მიღებაში, მათთან სპეციფიური კომუნიკაციის დამყარების და მანიპულაციების განმავლობაში ასისტირების სახით.

4.              რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას უკავშირდება?

კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, მთავარი გამოწვევა იყო, კვლევის სრულყოფილად ჩატარება და საჭირო კონტიგენტთან პირისპირ კონტაქტი, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა უნარი იმისა, რომ შევძლოთ დასახული მიზნების მიღწევა.

5.              რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?

საკითხი, მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტვირთვის შესამცირებლად, რაც ორ თემასთან არის კავშირში. ასა-ს მქონე პირების ადაპტაცია სტომატოლოგიურ კლინიკებში და მათი სტომატოლოგიური საჭიროებების შესწავლა.

იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად თითქმის არ არსებობს ასა-ს მქონე პაციენტებზე ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკა, ამ პაციენტთა მშობლები საკუთარი ინიციატივით იძიებენ ბავშვთა სტომატოლოგებს, რომლებიც „ნარკოზის გარეშე“ უმკურნალებენ მათ შვილებს. აქედან გამომდინარე თითქმის ყველა ბავშვთა სტომატოლოგი, და მათ შორის ჩვენც,  ვდგავართ ამ გამოწვევის წინაშე, რამაც განაპირობა კვლევის საკითხით დაინტერესება.

6.              რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე ამ კონკრეტულ ნაშრომს?

ნაშრომმა დიდი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, რაც სხვადასხვა ნაშრომში ციტირებით და რედაქციებიდან  დაინტერესებით გამოიხატება.

 

 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი