Elsevier-ის Digital Commons Data-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი საიედ საჰმანი მსოფლიოს ყველაზე ციტირებადი მეცნიერების საუკეთესო 2%-ში მოხვდა.
Google Scholar-ის მონაცემებით, პროფესორ საიედ საჰმანის ავტორობით გამოქვეყნებულია დაახლოებით 130 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში. მისი h-ინდექსი 53-ს შეადგენს, ხოლო მის ნაშრომებს 7300-ზე მეტი ციტირება აქვს მიღებული. აღნიშნული მაჩვენებლები აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც აუცილებელია მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერების 2%-იან სიაში მოსახვედრად.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მკვლევრების შერჩევა ეფუძნება Elsevier BV-ის მიერ განხორციელებულ ანალიზს. შეფასება ტარდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 100 000-ზე მეტ წამყვან მეცნიერს. მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილია სტანდარტიზებული ინფორმაცია ციტირებების რაოდენობის, h-ინდექსის, თანაავტორობის მიხედვით კორექტირებული hm-ინდექსის, ავტორის სხვადასხვა პოზიციაზე გამოქვეყნებული ნაშრომების ციტირებებისა და კომპოზიტური სამეცნიერო მაჩვენებლების შესახებ.