UG-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ფაკულტეტის წევრმა, პროფესორმა საიდ საჰმანიმ, ცოტა ხნის წინ სტატია გამოაქვეყნა ჟურნალში Applied Mechanics Reviews. ჟურნალი ამერიკის მექანიკოს ინჟინერთა საზოგადოების (ASME – American Society of Mechanical Engineers) ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა.
ამერიკის მექანიკოს ინჟინერთა საზოგადოება (ASME) მსოფლიოში მექანიკური ინჟინერიის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 130 000-ზე მეტ მექანიკოს ინჟინერსა და მონათესავე სფეროს პროფესიონალს.
Applied Mechanics Reviews არის ASME-ის საერთაშორისო მიმოხილვითი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას გამოყენებითი მექანიკისა და საინჟინრო მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებაში სამეცნიერო ცოდნისა და კვლევის შედეგების გასავრცელებლად. ჟურნალი აქვეყნებს თანამედროვე მდგომარეობისა და წარსული კვლევების მიმოხილვებს, ასევე სამეცნიერო მიმართულებებისა და სასწავლო პროგრამების განვითარების მიმოხილვით ნაშრომებს. გამოცემა ასევე აქვეყნებს თემატურ მიმოხილვებს, რომლებიც ასახავს გამოყენებითი მექანიკის როგორც ახალი, ისე უკვე დამკვიდრებული მიმართულებების უახლეს პროგრესს, აღწერს ანალიტიკურ, რიცხვით და ექსპერიმენტულ მეთოდებს და განსაზღვრავს სამომავლო კვლევის საჭიროებებს.
პროფესორ საიდ საჰმანის მიერ აღნიშნულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენს ტრიბოელექტრული ნანოგენერატორების ფუნდამენტური პრინციპების, ინოვაციებისა და გამოყენების სფეროების ყოვლისმომცველ მიმოხილვას.
ტრიბოელექტრული ნანოგენერატორები, როგორც ენერგიის გენერირების ინოვაციური ტექნოლოგია, 2012 წელს დაინერგა. ისინი წარმოადგენენ მოწყობილობებს, რომლებიც გარემოში არსებული კინეტიკური ენერგიის ელექტრულ ენერგიად ეფექტიანად გარდაქმნას უზრუნველყოფენ.
სტატიის დასკვნის თანახმად, ტრიბოელექტრული ნანოგენერატორები მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ტექნოლოგიაა, რომელსაც რიგი უპირატესობები აქვს, მათ შორის დაბალი ღირებულება, მარტივი სტრუქტურა, დამზადების სიმარტივე, მაღალი ეფექტიანობა და შედარებით მაღალი გამომავალი ენერგია. ამასთან, ნაშრომი განიხილავს ტრიბოელექტრული ნანოგენერატორების სამომავლო კვლევისა და გამოყენების მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის მაღალი ძაბვის ენერგომომარაგებას, „ლურჯ ენერგიას“ (blue energy), თვითენერგიით მომუშავე სენსორებსა და მიკრო/ნანოენერგეტიკას, როგორც თანამედროვე და სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ მიმართულებებს.