23 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, მოლეკულური მედიცინის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (International Research Centre in Molecular Medicine) ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტს (The University of Westmisnter) შორის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა და იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.
ცენტრის დაარსება ორი უნივერსიტეტის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას, სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას.
გახსნის ღონისძიებაზე განხილული იყო ცენტრის დაარსების იდეა, სამეცნიერო ხედვა, ძირითადი კვლევითი მიმართულებები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცენტრის როლს საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში.
ღონისძიება გახსნა საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერმა ეკატერინე თოფურიამ და საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, მანანა სანაძემ. მონაწილეებს ვიდეოჩართვის საშუალებით მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ვესტმისტერის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა: პროფესორმა დიბიეშ ანანდიმ (Prof. Dibyesh Anand), ვიცე-კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი; პროფესორმა ენდრიუ ლინიმ (Prof. Andrew Linn), კვლევისა და ცოდნის გაცვლის მიმართულების ვიცე-კანცლერის მოადგილე და კაუშიკა პატელიმ (Kaushika Patel), ვიცე-კანცლერი და ლიბერალური ხელოვნებისა და მეცნიერებების კოლეჯის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის სამეცნიერო ხედვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს წარმოადგენენ მისი თანათავმჯდომარეები - პროფესორი ნინა ფორაქიშვილი და დოქტორი იან ლოკი. პრეზენტაციები შეეხო ცენტრის შექმნის იდეას, ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს, დაგეგმილ საქმიანობასა და სამომავლო განვითარების გეგმებს.
მოლეკულური მედიცინის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააფართოოს საერთაშორისო სამეცნიერო პარტნიორობა და ხელი შეუწყოს იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის სფეროში ახალი კვლევითი ინიციატივების ჩამოყალიბებას.