Technovation Girls 2026 - მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო,
Technovation Girls 2026 წლის შეჯიბრების მონაწილეთა რეგისტრაციას იწყებს. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე გოგოებს, ორ ასაკობრივ კატეგორიაში: 13-15 და 16-18.
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 16 წელია, მსოფლიოს 80 ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროექტი საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება და წელს მისი ოფიციალური მასპინძელი საქართველოს უნივერსიტეტია.
პროგრამის ფარგლებში გოგოები სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას, შეიმუშავებენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებს და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს. პროექტის მასპინძელი წელს საქართველოს უნივერსიტეტია. პროექტის პარტნიორები არიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ლაბორატორია და კომპანია Idea Design Group.
გარდა მონაწილეთა ინდივიდუალური რეგისტრაციისა, წელს, პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს სკოლებს, შექმნან საკუთარი კლუბი და ჩაერთონ შეჯიბრში.
სკოლაში კლუბის შესაქმნელად საჭიროა, შეირჩეს მინიმუმ 15 მონაწილე (ერთ-ერთი ან ორივე ასაკობრივი ჯგუფიდან) და ერთი ხელმძღვანელი. კლუბის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს სკოლის აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი, ინგლისური ენის საბაზისო ცოდნით.
პროგრამა დაიწყება დეკემბერში და დასრულდება მაისში რეგიონალური კონფერენციით, სადაც თითოეული გუნდი წარადგენს მათ მიერ შექმნილ პროექტებს.
პროექტი სრულად მოხალისეობრივია და მისი შინააარსობრივი ნაწილი - ტრენინგები და პროექტებზე მუშაობა მენტორების მეთვალყურეობით ხორციელდება.
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველ გოგოებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე 10 დეკემბრამდე https://forms.gle/1BPSgZz2aacTvp6U7
კლუბის რეგისტრაციისთვის სკოლებმა 5 დეკემბრამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/1x5Teg6HPLvtK3bA9
დარეგისტრირებულ მონაწილეებს და კლუბებს პროექტის მიმდინარეობისას შესაბამის მხარდაჭერას საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი გაგიწევთ.
საუკეთესო შედეგების მაჩვენებელი სკოლები მიიღებენ სპეციალურ პრიზებს საქართველოს უნივერსიტეტისა და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
კლუბის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელი გახდება Technovation Girls კლუბების ელჩი.
შეკითხვებისთვის მოგვწერეთ: technovation@ug.edu.ge