პარტნიორობა ისტორიის სწავლების თანამედროვე მიდგომების განვითარებას, სკოლისა და უნივერსიტეტის დაახლოებასა და მასწავლებელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. 6 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტსა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციას (იმსა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობა მიზნად ისახავს ისტორიის სწავლებისა და კვლევის განვითარებას, სკოლისა და უმაღლესი განათლების დაახლოებას და ისტორიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა შეყილაძემ და საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა თინათინ ღუდუშაურმა.
მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის გრძელვადიან თანამშრომლობას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ისტორიის სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვა და სკოლასა და აკადემიურ სივრცეს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იქნება.
თანამშრომლობა მოიცავს ისტორიის მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სემინარების, ტრენინგებისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო და ციფრული რესურსების შექმნასა და ისტორიის სწავლების ყოველწლიური ფორუმის ჩატარებას. ასევე, იგეგმება ისტორიის მასწავლებელთა საუნივერსიტეტო კლუბის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მოსწავლეთა საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობების ორგანიზება და სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების საუნივერსიტეტო გარემოსთან დაახლოება. ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და ისტორიის სწავლების პროცესში სკოლისა და უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაერთიანებას
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი ისტორიის, ზეპირი ისტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას, ისტორიულ წყაროებთან მუშაობის მეთოდოლოგიას, აკადემიური წერის განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, საგანმანათლებლო პროცესში გამოყენებას.
შეთანხმება სამი წლის ვადით გაფორმდა და მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივები სისტემურად განახორციელონ. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა გააერთიანებს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, რაც ხელს შეუწყობს ისტორიის განათლების უწყვეტი და ურთიერთდაკავშირებული პროცესის განვითარებას.
არქეოლოგიური აღმოჩენები და საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აკადემიური შეხვედრა, რომელიც ნატკორასა და სამშვილდის არქეოლოგიურ აღმოჩენებს და მათ ისტორიულ მნიშვნელობას დაეთმო. შეხვედრა გახსნა საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მანანა სანაძემ, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
ნატკორასა და სამშვილდეში გამოვლენილ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე, მათ მნიშვნელობასა და საქართველოს ისტორიული წარსულის კვლევაში მათ როლზე ისაუბრეს მანანა სანაძემ და საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, არქეოლოგმა, ანთროპოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ბერიკაშვილიმა
შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, ფართო საზოგადოება გაცნობოდა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის კვლევის, არქეოლოგიური აღმოჩენების მნიშვნელობისა და წარსულის შესახებ ახალი ცოდნის შექმნის პროცესს.