საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის პროფესორმა და გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის (GEHESI) დირექტორის მოადგილემ, ნათია სხვიტარიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის პრემია „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ მოიპოვა სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით.
საკონკურსო შერჩევის შედეგად, მეცნიერების ექვსი მიმართულებით სულ 11 პრემია გაიცა. ნათია სხვიტარიძე სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით გამოვლენილ ორ გამარჯვებულ მეცნიერს შორის ერთ-ერთია. ჯილდო მას 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გადაეცა.
ნათია სხვიტარიძის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს დედათა ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სისტემების, ჯანდაცვის სფეროში განათლებისა და გლობალური ჯანმრთელობის საკითხებს. მისი კვლევები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, მონაცემებზე დაფუძნებული მტკიცებულებების გამოყენებასა და ჯანმრთელობის სფეროში გადაწყვეტილებების გაუმჯობესებას.
2024 წელს მან ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში (UiT The Arctic University of Norway) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც დაბადების ეროვნული რეგისტრის მონაცემებზე დაყრდნობით დედათა სიკვდილიანობისა და ავადობის კომპლექსურ ანალიზს წარმოადგენს.
მისი საერთაშორისო აკადემიური და კვლევითი გამოცდილება მოიცავს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებთან. ნათია სხვიტარიძე არის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის (Institute for Health Metrics and Evaluation – IHME) დაავადებათა გლობალური ტვირთის კვლევის კოლაბორატორი. 2025–2026 წლებში იგი ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში კენტუკის უნივერსიტეტში, აშშ-ში, მოწვეული პროფესორის სტატუსით საქმიანობდა. 2013–2015 წლებში კი კვლევითი მობილობის ფარგლებში ესპანეთის ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ნათია სხვიტარიძეს ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში. იგი რეგულარულად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში, სადაც საკუთარ კვლევებსა და გამოცდილებას საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას უზიარებს.
მიღებული ჯილდოს მნიშვნელობაზე საუბრისას ნათია სხვიტარიძე აღნიშნავს:
„ეს პრემია ჩემთვის, პირველ რიგში, გრძელი გზის შეფასებაა კლინიკური მედიცინიდან საზოგადოებრივ და გლობალურ ჯანდაცვამდე და დადასტურება, რომ მონაცემებზე დაფუძნებულმა მტკიცებულებამ უნდა განსაზღვროს გადაწყვეტილებები მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ჩემი უმთავრესი სურვილია, რომ ამ წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს მოვახმარო უკეთესი, უსაფრთხო და ჯანმრთელი ცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის“, - ამბობს ნათია სხვიტარიძე.
ნათია სხვიტარიძის ეროვნული სამეცნიერო პრემიის მფლობელობა მნიშვნელოვანი აღიარებაა როგორც მისი მრავალწლიანი სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობისთვის, ისე საქართველოს უნივერსიტეტისთვის. მისი პროფესიული გზა, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობა და სამეცნიერო საქმიანობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წვლილს ჯანმრთელობის მეცნიერებების განვითარებასა და გლობალურ სამეცნიერო სივრცეში საქართველოს წარმომადგენლობაში.