საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2026 წლის 7–11 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ქართული სამეცნიერო, მხატვრული და საბავშვო გამოცემები წარადგინა — ისტორიისა და სამართლის კვლევებიდან ხელოვნებისა და ქართული ემიგრანტული მემკვიდრეობის ნაშრომებამდე. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ათასობით გამომცემლობას, ავტორს, ლიტერატურულ აგენტს, მთარგმნელსა და წიგნის ინდუსტრიის პროფესიონალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საქართველოს წიგნის ასოციაციის კოლექტიურმა სტენდმა ათი წევრი გამომცემლობა გააერთიანა. საქართველოს უნივერსიტეტი ღონისძიებაში ასოციაციის პარტნიორი იყო. სტენდს მხარს უჭერდა UNFPA-ს საქართველოს ოფისი, შვედეთის მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში. სტენდის მთავარი გზავნილი — „წინააღმდეგობა გამძლეობით“ — მიეძღვნა ქართველ ქალებს, რომლებიც უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად იბრძოდნენ და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
საერთაშორისო გამომცემლებთან და აკადემიურ ინსტიტუციებთან საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის პროფესიული შეხვედრების მიზანი იყო თარგმნის, საავტორო უფლებების გაყიდვისა და ერთობლივი საგამომცემლო პროექტების შესაძლებლობების განხილვა — რათა ქართული ავტორების ნაშრომები და საქართველოში შექმნილი ცოდნა უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.