ირინა ბაგაევა - საქართველოს უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ლაბორატორიის უფროსი 2010 წლიდან.
2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, სპეციალობით „ანგლისტიკა“, ხოლო 2003 წელს - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა სახელმწიფო მმართველობის მიმართულებით.
საქართველოს უნივერსიტეტში 11 წლიანი მუშაობის პერიოდში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას: ენების შემსწავლელი ლაბორატორიის მენეჯერი, ინგლისური ენის მასწავლებელი, თარჯიმანი, სამაგისტრო სწავლების მენეჯერი. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა საქართველოს უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ლაბორატორიის სასწავლო პროგრამები ზოგადი ინგლისური ენის სხვადასხვა საფეხურისა და დარგობრივი ენის კურსებისათვის.
გავლილი აქვს ტრენინგები საჯარო მმართველობის, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციების მომზადების ხელოვნების, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის მიმართულებით; მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები აშშ-ს სახელმწიფო მართვის ეროვნული აკადემიიდან, კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრიდან და სხვ. მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნაში „მყისიერი პასუხი - 2008“, უცხო ენებში რესპუბლიკურ ტურ “Bilingua”-ს ორგანიზებაში. ნათარგმნი აქვს სამეცნიერო ლიტერატურა. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი კონფლიქტების მართვის თემაზე ჟურნალ „დრო მშვიდობისაში“.