თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სწავლის პარალელურად იმედა დვალიძე მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიის (ამჯერად საზოგადოებრივი მაუწყებლის) ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის წამყვანად და ავტორად. იმავე პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა გაზეთებში. სამართალმცოდნის სპეციალობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ იმედა დვალიძემ პროფესიული საქმიანობა საჯარო სამსახურში განაგრძო. კერძოდ 1997 წელს შექმნილ საქართველოს იუსტიციის საბჭოში (ამჯერად იუსტიციის უმაღლესი საბჭო). ამ პერიოდში განხორციელდა ახალი სასამართლო სისტემის შექმნა, განისაზღვრა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცედურები, მათი მოსამართლედ გამწესების წესი და კრიტერიუმები. სწორედ ამ ეტაპზე იმედა დვალიძე იყო ზემოაღნიშნული მიმართულებების კურატორი საბჭოს წევრის - პროფესორ ლადო ჭანტურიას თანაშემწე და მოგვიანებით მოსამართლეთა და სასამართლო პერსონალის მომზადებისა და შერჩევის ორგანიზაციის სექტორის უფროსი. 1999-2000 წლებში ხელმძღვანელობდა ახლადდაფუძნებულ, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ სსიპ საქართველოს სააღსრულებო სამსახურს. იყო სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი. 2003-2004 წლებში იყო შსს რეფორმების სააგენტოს კოორდინატორი. მუშაობდა საბანკო სექტორში იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2004 წლიდან დღემდე ეწევა საადვოკატო პრაქტიკას კს „იურიდიული კომპანია Attorney-ში. იყო ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.