ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტის ნაშრომი პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

23 October 2026

წარმოგიდგენთ ინტერვიუს საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტ თამარ ბულიასთან, რომლის თანაავტორობითაც საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Frontiers in Health Services გამოქვეყნდა ნაშრომი „Benchmarking Georgia's palliative care system, using WHO's new actionable indicators: alignment with the European Association for Palliative Care (EAPC) 2025 atlas“.

კვლევა საქართველოს პალიატიური მზრუნველობის სისტემას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ინდიკატორებისა და პალიატიური მზრუნველობის ევროპული ასოციაციის 2025 წლის ატლასის გათვალისწინებით აფასებს. ნაშრომი მიზნად ისახავს არსებული მდგომარეობის შეფასებას, სისტემური გამოწვევების გამოვლენასა და პალიატიური მზრუნველობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას.

ინტერვიუში ავტორი ისაუბრებს კვლევის მნიშვნელობაზე, მის პრაქტიკულ გავლენაზე პაციენტებისა და მათი ოჯახების ცხოვრებაზე, კვლევის პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გამოცდილებაზე. ასევე განიხილავს, როგორ შეიძლება კვლევის შედეგებმა ხელი შეუწყოს საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განვითარებასა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას.

რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?

ამ საკითხის კვლევით დაინტერესება უშუალოდ უკავშირდება ჩემს პროფესიულ საქმიანობას ონკოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის მიმართულებით. კლინიკურ პრაქტიკაში ყოველდღიურად ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის არა მხოლოდ დაავადებაზე ორიენტირებული მკურნალობა, არამედ ტკივილისა და სხვა სიმპტომების ეფექტიანი მართვა, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და ხარისხიან პალიატიურ მომსახურებაზე დროული ხელმისაწვდომობა.

საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განვითარების მიუხედავად, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი სისტემური გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება სერვისების ხელმისაწვდომობას, გეოგრაფიულ უთანასწორობას, რესურსების განაწილებასა და პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრაციას.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ პრობლემების განხილვა არა მხოლოდ კლინიკური გამოცდილების საფუძველზე, არამედ სისტემური, მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომით. სწორედ ამ ინტერესმა განაპირობა კვლევის იდეა - შეგვეფასებინა, რამდენად შეესაბამება საქართველოში პალიატიური მზრუნველობის არსებული მდგომარეობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ინდიკატორებსა და ევროპულ სტანდარტებს.

კვლევის მთავარი მოტივაცია იყო არსებული მდგომარეობის ობიექტური სურათის შექმნა, სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება და ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც ხელს შეუწყობს პალიატიური მზრუნველობის განვითარებასა და ჯანდაცვის პოლიტიკის მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

მიმაჩნია, რომ პალიატიური მზრუნველობის განვითარება მხოლოდ სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების საკითხი არ არის - ის უშუალოდ უკავშირდება ადამიანის ღირსებას, ცხოვრების ხარისხსა და ჯანდაცვაზე თანასწორი ხელმისაწვდომობის პრინციპს.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევის შედეგს ადამიანების ყოფაზე?

ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება მისი სამეცნიერო სიახლეა. საქართველოში პალიატიური მზრუნველობის სისტემის მსგავსი კომპლექსური შეფასება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ახალი ინდიკატორების გამოყენებით მანამდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, კვლევამ შექმნა შესაძლებლობა, ქვეყნის პალიატიური მზრუნველობის სისტემა შეგვეფასებინა საერთაშორისო მეთოდოლოგიური ჩარჩოს საფუძველზე, გამოგვევლინა არსებული გამოწვევები და განგვესაზღვრა განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები.

კვლევის შედეგების პრაქტიკული მნიშვნელობა უშუალოდ უკავშირდება ადამიანების ცხოვრების ხარისხს. პალიატიური მზრუნველობის სისტემის განვითარება ნიშნავს არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას, არამედ ტკივილისა და სხვა მძიმე სიმპტომების ეფექტიან მართვას, ფსიქოსოციალური მხარდაჭერის გაძლიერებასა და პაციენტებისა და მათი ოჯახების საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული მომსახურების ჩამოყალიბებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კვლევით მიღებული მტკიცებულებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯანდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის, რესურსების მიზნობრივი განაწილების, რეგიონული უთანასწორობის შემცირებისა და პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვის სისტემაში უკეთ ინტეგრაციისთვის.

ამასთან, კვლევის მნიშვნელობა სცდება მხოლოდ ონკოლოგიის სფეროს, რადგან პალიატიური მზრუნველობა აუცილებელია სხვადასხვა მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების მქონე ადამიანებისთვისაც.

რა თქმა უნდა, სამეცნიერო კვლევა თავისთავად არ ნიშნავს სისტემურ ცვლილებას, თუმცა ქმნის იმ მტკიცებულებით საფუძველს, რომლის გარეშეც ეფექტიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღება რთულია.

საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, კვლევის შედეგები არ დარჩეს მხოლოდ აკადემიურ სივრცეში და ხელი შეუწყოს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც პაციენტებისთვის უკეთეს მომსახურებაში, ტანჯვის შემცირებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში აისახება. სწორედ ეს არის ამ კვლევის მთავარი საზოგადოებრივი ღირებულება.

როგორ შეუძლიათ სტუდენტებს ჩაერთონ კვლევის ამ სფეროში და რატომ ურჩევდით მათ ამის გაკეთებას?

პალიატიური მზრუნველობა თავისი არსით ინტერდისციპლინური სფეროა, რომელიც აერთიანებს კლინიკურ მედიცინას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ფსიქოლოგიას, სოციალურ მეცნიერებებსა და ჯანდაცვის პოლიტიკას. შესაბამისად, ამ მიმართულებით კვლევითი საქმიანობა საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს.

სტუდენტების ჩართულობა შეიძლება დაიწყოს სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზით, კვლევითი კითხვების ფორმულირებითა და გამოცდილ მკვლევრებთან თანამშრომლობით. მათ შეუძლიათ შეისწავლონ პაციენტებისა და მათი ოჯახების საჭიროებები, ცხოვრების ხარისხი, პალიატიური მომსახურების ხელმისაწვდომობა, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციული გამოწვევები. განსაკუთრებით პერსპექტიულია ისეთი კვლევები, რომლებიც კლინიკურ გამოცდილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომებთან აერთიანებს და რეალური პრობლემების მეცნიერულ შეფასებას ემსახურება.

როგორც კლინიცისტი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი, სტუდენტებს ყოველთვის ვურჩევ, კვლევითი საქმიანობა განიხილონ არა მხოლოდ პროფესიული განვითარების შესაძლებლობად, არამედ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ნაწილად. სწორედ კვლევა გვაძლევს საშუალებას, ყოველდღიურ პრაქტიკაში არსებული პრობლემები გარდავქმნათ სამეცნიერო კითხვებად, მივიღოთ სანდო მტკიცებულებები და მათ საფუძველზე შევთავაზოთ სისტემას გაუმჯობესების გზები.

საქართველოში პალიატიური მზრუნველობის მიმართულებით ჯერ კიდევ მრავალი საკითხია შესასწავლი, რაც ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცოდნის შექმნაში.

ჩემი აზრით, ამ სფეროში მუშაობის განსაკუთრებული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ კვლევის საბოლოო მიზანი მხოლოდ ახალი ცოდნის მიღება არ არის - ეს არის ცოდნის გამოყენება ადამიანის ტანჯვის შესამცირებლად, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და უფრო ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას უკავშირდება?

კვლევის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოს პალიატიური მზრუნველობის სისტემის შესახებ არსებული მონაცემების მოძიება, სისტემატიზაცია და საერთაშორისო მეთოდოლოგიურ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანა იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ინდიკატორების გამოყენება, რადგან მათი მეშვეობით სისტემის შეფასება მოითხოვს არა მხოლოდ ცალკეული სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზს, არამედ ჯანდაცვის პოლიტიკის, მომსახურების ორგანიზების, რესურსების ხელმისაწვდომობისა და სისტემური განვითარების სხვადასხვა კომპონენტის ერთიან განხილვას.

სირთულეს წარმოადგენდა მონაცემთა ხელმისაწვდომობისა და სისრულის საკითხიც. პალიატიური მზრუნველობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროშია წარმოდგენილი, ხოლო ცალკეული ინდიკატორების შესაფასებლად აუცილებელი მონაცემები ყოველთვის არ არის ერთგვაროვანი ან სრულყოფილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის კრიტიკული შეფასება, წყაროების სანდოობის გადამოწმება და შედეგების ინტერპრეტაცია არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

კვლევის განხორციელება მოითხოვდა ეპიდემიოლოგიური და ანალიტიკური უნარების, სამეცნიერო მეთოდოლოგიის ცოდნის, კრიტიკული აზროვნებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის კომპეტენციების ერთობლიობას. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას, რადგან პალიატიური მზრუნველობის სისტემის შეფასება სცდება მხოლოდ კლინიკური მედიცინის ფარგლებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სიღრმისეულ გააზრებასაც მოითხოვს.

ჩემთვის ამ კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ასპექტი იყო კლინიკური გამოცდილებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი მიდგომების გაერთიანება. კლინიკური პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ კონკრეტული პაციენტის საჭიროებები, ხოლო სისტემური კვლევა გვეხმარება გავიგოთ, რა ორგანიზაციული და სტრუქტურული ფაქტორები განსაზღვრავს ამ საჭიროებებზე ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას.

საბოლოოდ, კვლევის მთავარი გამოწვევა მხოლოდ მონაცემების შეგროვება და ანალიზი არ ყოფილა — მნიშვნელოვანი იყო მათი გარდაქმნა მეცნიერულად დასაბუთებულ დასკვნებად, რომლებიც საქართველოს პალიატიური მზრუნველობის სისტემის განვითარების საჭიროებებს რეალისტურად ასახავს და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისთვის ღირებულ საფუძველს ქმნის.

რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე ამ კონკრეტულ ნაშრომს?

ნაშრომის მიმართ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინტერესი გამოიკვეთა ჯერ კიდევ მისი მომზადების პროცესში. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ კუსტუვ დალალის ჩართულობა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების მქონე მკვლევარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემების შეფასების მიმართულებით. მისი აკადემიური საქმიანობა დაკავშირებულია არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტთან, მათ შორის კვლევებთან, რომლებიც გამოქვეყნებულია ისეთ ავტორიტეტულ ჟურნალებში, როგორიცაა The Lancet და Nature.

კვლევის მომზადების პროცესში პროფესორი დალალი დაინტერესდა ჩვენი ნაშრომით, დადებითად შეაფასა მისი სამეცნიერო კონცეფცია, მეთოდოლოგიური მიდგომა და საერთაშორისო მნიშვნელობა და გამოთქვა სურვილი, ჩართულიყო კვლევით საქმიანობაში. შედეგად, იგი შეუერთდა ავტორთა გუნდს. ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო მისი, როგორც ჯანდაცვის სისტემების კვლევის მიმართულებით დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მეცნიერის, დაინტერესება და თანამშრომლობა.

მნიშვნელოვანი დადებითი შეფასება მივიღეთ სამეცნიერო რეცენზირების პროცესშიც. ჟურნალის რეცენზენტებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ნაშრომის პოტენციურ წვლილს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში პალიატიური მზრუნველობის სისტემების განვითარებაში.

აღნიშნული შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევის საერთაშორისო შედარებითი ხასიათის გათვალისწინებით. ჩვენი ნაშრომი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს პალიატიური მზრუნველობის სისტემის შეფასებით. კვლევის ფარგლებში განხორციელდა შედარებითი ანალიზი როგორც მაღალშემოსავლიან ქვეყნებთან, ისე საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მქონე სახელმწიფოებთან და გეოგრაფიულად ახლომდებარე რეგიონის ქვეყნებთან. ამ მიდგომამ შესაძლებლობა მოგვცა, საქართველოს პალიატიური მზრუნველობის სისტემის მდგომარეობა შეგვეფასებინა საერთაშორისო კონტექსტში და გამოგვეკვეთა განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები.

კვლევის გამოქვეყნება საერთაშორისო, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში - Frontiers in Health Services - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოსაჩენად.

მიმაჩნია, რომ ნაშრომის განსაკუთრებული ღირებულება მის საერთაშორისო გამოყენებადობის პოტენციალში მდგომარეობს. კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგიური მიდგომა და მიღებული შედეგები შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს სხვა ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით იქ, სადაც პალიატიური მზრუნველობის სისტემების განვითარება შეზღუდული რესურსებისა და მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევების პირობებში მიმდინარეობს.

ვფიქრობ, სწორედ ეს არის სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება - შექმნას ცოდნა, რომელიც სცდება ერთი ქვეყნის საზღვრებს და ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემების განვითარებას საერთაშორისო დონეზე.

რა დამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა ჰქონდა ამ კვლევას?

კვლევა განხორციელდა მიზნობრივი საგრანტო დაფინანსების გარეშე, ავტორთა გუნდის დამოუკიდებელი სამეცნიერო ინიციატივისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის საფუძველზე.

კვლევის განხორციელებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ავტორთა გუნდის პროფესიული გამოცდილების, სამეცნიერო კომპეტენციებისა და კვლევითი რესურსების გაერთიანებას. განსაკუთრებით ღირებული იყო საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის პროფესორ კუსტუვ დალალის ჩართულობა, რომელმაც თავისი სამეცნიერო გამოცდილებითა და პროფესიული მხარდაჭერით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნაშრომის განვითარებაში.

მიუხედავად მიზნობრივი ფინანსური დაფინანსების არარსებობისა, შესაძლებელი გახდა მეთოდოლოგიურად კომპლექსური, საერთაშორისო შედარებით ანალიზზე დაფუძნებული კვლევის განხორციელება და მისი შედეგების გამოქვეყნება საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში.

ეს გამოცდილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სამეცნიერო კვლევის წარმატებას განსაზღვრავს არა მხოლოდ ფინანსური რესურსები, არამედ კვლევითი იდეის აქტუალობა, მეთოდოლოგიური სიზუსტე, პროფესიული პასუხისმგებლობა და ეფექტიანი აკადემიური თანამშრომლობა.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი