საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის წარმომადგენელთა თანაავტორობით სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ "Nanoscale Research Letters-ში" გამოქვეყნდა.
სტატია მომზადებულია "საქართველოს უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორების ლილი არაბულის, დიმიტრი ლაშხისა და ნანა წიკლაურის მონაწილეობით. კვლევა ეხება ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების მზარდ რეზისტენტობას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ალტერნატიულ მიდგომას – ანტიმიკრობულ ფოტოდინამიკურ თერაპიას.
ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების გამძლეობა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როდესაც ბაქტერიები ანტიბიოტიკების ზემოქმედების მიმართ მდგრადობას იძენენ, ინფექციების მკურნალობა რთულდება და იზრდება ალტერნატიული სამკურნალო მეთოდების საჭიროება.
სტატიაში განხილულია ანტიმიკრობული ფოტოდინამიკური თერაპია (aPDT) – მეთოდი, რომელიც სინათლისადმი მგრძნობიარე ნივთიერებებისა და სინათლის გამოყენებით მიკროორგანიზმების განადგურებას ისახავს მიზნად.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფთალოციანინებს – სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებიც სინათლისა და ჟანგბადის ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნიან აქტიურ ჟანგბადოვან ნაწილაკებს (ROS). ამ ნაწილაკებს შეუძლიათ დააზიანონ და გაანადგურონ ბაქტერიები და სოკოები.
სტატიაში ასევე განხილულია ნანოტექნოლოგიების გამოყენებით ფთალოციანინების ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მეთოდის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის პერსპექტივები.
ნაშრომი აერთიანებს ფთალოციანინებზე დაფუძნებული ფოტოდინამიკური თერაპიის შესახებ არსებულ სამეცნიერო ცოდნას და აფასებს ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობებს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.
კვლევის მიმოხილვის მიხედვით, ნანოტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს ფოტომგრძნობიარე ნივთიერებების მიწოდების, ხსნადობისა და ეფექტურობის გაუმჯობესებას. ამასთან, მეთოდის ფართო კლინიკური გამოყენება ჯერ კიდევ შეზღუდულია და საჭიროებს დამატებით კვლევებს.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა გლობალური გამოწვევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ინფექციური დაავადებების ეფექტიან მკურნალობას. ანტიბიოტიკებისგან განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე მეთოდების განვითარება მნიშვნელოვანია მკურნალობის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.
ფოტოდინამიკური თერაპია პერსპექტიული მიმართულებაა, რადგან სინათლის გააქტიურებით წარმოქმნილი აქტიური ჟანგბადოვანი ნაწილაკები მიკროორგანიზმების სხვადასხვა უჯრედულ სტრუქტურაზე ერთდროულად მოქმედებს. შესაბამისად, ამ მიდგომამ შესაძლოა მომავალში შეავსოს არსებული ანტიმიკრობული მკურნალობის მეთოდები და ხელი შეუწყოს რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგიების განვითარებას.
სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: