საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის Technovation Girls 2026-ის ოფიციალური მასპინძელი გახდა. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს გოგონების ჩართულობისა და გაძლიერების ხელშეწყობას ტექნოლოგიების მიმართულებით. პროექტი აერთიანებს სკოლის მოსწავლეებს, მენტორებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს ერთი იდეის გარშემო - გოგონებისთვის ტექნოლოგიების სამყაროს გახსნა და მათი ლიდერებად ჩამოყალიბება.
პროგრამა მენტორების შერჩევით იწყება, რომლებიც საქართველოში Technovation Girls საქართველოს ახალ სეზონს გაუძღვებიან. მენტორები ეხმარებიან გოგოებს საკუთარი თემის გამოწვევების კვლევაში, სწავლაში, პროექტის დაგეგმვასა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნაში. 2026 წლის აპრილამდე გუნდები იმუშავებენ პროექტების შექმნაზე, რომელთაც მაისში წარადგენენ კომპეტენტური ჟიურის წინაშე. საქართველოს გამარჯვებულ პროექტებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს და შეარჩევს მსოფლიოს ფინალისტებს. საუკეთესო გუნდები მენტორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ტექნოლოგიურ ბანაკში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე გოგონებს, ორ ასაკობრივ კატეგორიაში:
· 13–15 წელი
· 16–18 წელი
Technovation Girls - ეს არის მსოფლიოში აღიარებული პროგრამა, რომელიც უკვე 16 წელია, 80-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება და აერთიანებს ათიათასობით გოგოს, რომლებიც სწავლობენ პროგრამირებას, ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნასა და ინოვაციური იდეების რეალიზებას.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ცდილობენ გადააქციონ მათ გარშემო არსებული გამოწვევები ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებად - ქმნიან მობილური აპლიკაციების ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს, ავითარებენ ბიზნესგეგმებს და მონაწილეობენ გლობალურ კონკურსში.
პროგრამა საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება და წელს მისი ოფიციალური მასპინძელი საქართველოს უნივერსიტეტია. პროგრამის პარტნიორები არიან „იდეა დიზაინ ჯგუფი“ და „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მასწავლებლების ლაბორატორია“. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამაში, 2022 წელს 550 გოგო დარეგისტრირდა, და საქართველო მეათე ადგილზე გავიდა მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეთა რაოდენობით, ხოლო ფარისა და ცაგერის სკოლების გუნდი ევროპის რეგიონის გამარჯვებული გახდა Junior კატეგორიაში. პროექტმა მოიპოვა Grace Hopper Award, როგორც ქალთა ტექნოლოგიური გაძლიერების საუკეთესო ინიციატივამ. 2023 წელს კი უკვე 700 მონაწილე ჰყავდა პროექტს.
Technovation Girls - საქართველოს მენტორად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ტექნოლოგიების, მენეჯმენტის, დიზაინის, ბიზნესის ან განათლების სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
მენტორების რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 2025 წლის 20 ნოემბერი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1-XvhZpczkPucX3czizl3VnFdd2FYsQ0CDLDwOamrudY/edit
შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: technovation@ug.edu.ge