ანონსები
2023 წლის 9 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის უსაფრთხოების პლატფორმის (UGSP) ეგიდით გაიმართება მე-4 საერთაშორისო კონფერენცია – „უკრაინაში ომის შემდეგ: პერსპექტივები და მოსალოდნელი შედეგები ევროპისა და სამხრეთ კავკასიისთვის“. კონფერენციის მთავარი ამოცანაა რუსეთ-უკრაინის ომის პოტენციური, სტრატეგიული (სამხედრო-პოლიტიკური) მნიშვნელობის მქონე შედეგების გამოკვეთა და რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მათი შესაძლო გავლენის შეფასება.
კონფერენციის მიზნები
სპიკერები და კონფერენციის სხვა მონაწილეები შეეცდებიან, განსჭვრიტონ მომავალი რუსეთ-უკრაინის ომის მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და ამის საფუძველზე გააკეთონ სათანდო დასკვნები, ევროპისა და სამხრეთ კავკასიის მომავალი უსაფრთხოების მექანიზმების თაობაზე. ასევე, ამავე კონტექსტის გათვალისწინებით, შეაფასონ ევროკავშირისა და ნატო-ს ინსტიტუციური განვითარებისა და გაფართოების პერსპექტივა, წევრი სახელმწიფოების ეროვნული სტრატეგიები და ახალი კონცეპტუალური ხედვები, რომლებიც რეგიონალურ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობას ემსახურება.
კონფერენციის წინასწარი ფორმატი
კონფერენციის პირველი პანელი დაეთმობა მთავარ მომხსენებლებს. მეორე პანელზე, წინასწარ შერჩეულ თემებზე, ჩამოყალიბდება 3 სამუშაო ჯგუფი, რომლებიც გააერთიანებს შესაბამისი სფეროს ექსპერტებს, ანალიტოკოსებსა და მკვლევარებს, რათა წარიმართოს არსებითი მსჯელობა პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებსა და ისეთ სტრატეგიულ შესაძლებლობებზე, რომლებიც ევროპის უსაფრთხოების მყარი მექანიზმების შექმნას უზრუნველყოფენ. მესამე პანელის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამუშაო ჯგუფებში მიღებული შედეგები და ძირითადი მიგნებები.
კონფერენციის შედეგი
დისკუსიისა და სამუშაო ჯგუფებისგან მიღებული შედეგების საფუძველზე მომზადდება და გამოქვეყნდება კონფერენციის ანგარიში.
კონფერენციაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: