საპატიო დოქტორები
ლანა ღოღობერიძემ 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ისწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1959 წელს. 1954 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. ავტორია მონოგრაფიისა (1955 წ.) უოლტ უიტმენის შესახებ. ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, რაბინდრანათ თაგორის, ედგარ ალან პოს, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკის ლექსები.
1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1958 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმები „გელათი“ და „თბილისი 1500 წლისაა“. მის პირველ მხატვრულ ფილმში „ერთი ცის ქვეშ“ (1961) გაერთიანებულია სამი ნოველა, რომლებშიც XX საუკუნის სხვადასხვა პერიოდის ქართველ ქალთა სახეებია მოცემული. ასევე ქალის ბედს ეხება მისი მეორე ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ სადაც მთავარი როლი მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა შეასრულა.
1975 წლიდან რუსთაველის თეატრის რეჟისორთა სტუდიას ხელმძღვანელობდა. 1981 წელს ი. კვაჭაძესთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმი „წერილები შვილებს“. ხოლო 1988 წლიდან კი სტუდია ქართული ფილმის დირექტორი იყო. თავისი თემის ერთგული დარჩა ლანა ღოღობერიძე ფილმებშიც: „დღეს ღამე უთენებია“ (1983), „ორომტრიალი“ (1986) და „ვალსი პეჩორაზე“ (1992).