საქართველოს უნივერსიტეტში ახალი საერთაშორისო კვლევითი ცენტრი დაფუძნდა – V-Dem Caucasus Regional Center, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლობაა. ცენტრი ფუნქციონირებს საქართველოს უნივერსიტეტსა და გოტენბურგის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და 2026 წლის თებერვლიდან უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა პირველ რეგიონულ კვლევებზე.
ცენტრის მთავარი მისია სამხრეთ კავკასიაში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - საზოგადოებრივი პროცესების კვლევაა, რაც მოიცავს ინსტიტუციური ცვლილებების ანალიზს, საზოგადოებრივი დამოკიდებულებების და ციფრული კომუნიკაციის როლის შესწავლას.
კვლევები ეფუძნება V-Dem-ის გლობალურ მონაცემთა ბაზებს და პარალელურად ხორციელდება ადგილობრივი, ემპირიული კვლევები, რაც რეგიონული რეალობის ღრმა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ანალიზს უზრუნველყოფს.