25 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი და ქართული ხელნაწერების ციფრული დამუშავების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები“.
ლექციას უძღვებოდა მარიამ ყამარაული, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.
შეხვედრას დაესწრნენ ქართველოლოგიის მიმართულების თანამშრომლები და ფართო საზოგადოება. ლექციის ფარგლებში განხილული იყო, თუ როგორ ქმნის ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის, გაშიფვრისა და ანალიზის ახალ შესაძლებლობებს.
მარიამ ყამარაულმა ისაუბრა პალიმფსესტური ხელნაწერების თანამედროვე ტექნოლოგიებით კვლევისა და გაშიფვრის შესაძლებლობებზე, ასევე წარმოადგინა მულტისპექტრული ანალიზის მეთოდები და ხელნაწერთა ავტომატური გაშიფვრის ინოვაციური, არაინვაზიური ინსტრუმენტი eScriptorium.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ხელნაწერების შესწავლისთვის, რომელთა თავდაპირველი ტექსტი შეუიარაღებელი თვალით აღარ იკითხება და კვლევისთვის ახალი, ტექნოლოგიურად გაძლიერებული მიდგომების გამოყენებას საჭიროებს.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების გადაკვეთა ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.