საქართველოს უნივერსიტეტის საექსპედიციო ჯგუფმა, ბოლნისში მდებარე პიროდაქტზე, რომელსაც კაზრეთის ორთვალა მღვიმეს უწოდებენ, პრეისტორიული და ისტორიული ხანის არქეოლოგიური ფენები აღმოაჩინა.
ფენები უხვად შეიცავს შესაბამისი პერიოდის მასალებს, მათ შორის, უძველესი კულტურებისთვის დამახასიათებელ: ანატკეც-ანამტვრევებს, ლამელებს, ნუკლეუსებსა და ასევე, შუა საუკუნეების ეპიგრაფიკულ, პალეოგრაფიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
პიროდაქტი, იგივე ლავური გვირაბი, გეომორფოლოგიური პროდუქტია, რომელიც წარმოიქმნება, ლავური ნაკადის ზედაპირის გაცივებისა და ცხელი, ჯერ კიდევ გამლღვალი შიგთავსის გარეთ გამოდინების შედეგად.
ასეთი ცნობილი ძეგლებია ჰავაის, ისლანდიისა და კანარის კუნძულების პიროდაქტები, რომლებიც ათასობით მეცნიერსა და მნახველს იზიდავს.