სიახლეები
2017 წლის 5 მაისს საქართველოს უნივერსიტეტს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის მოწვევით, ესტუმრნენ: პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მარიუშ მაშკიევიჩი; ისრაელის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება შაბთაი ცური; ბატონი იციკ მოშე, ისრაელის სახლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
ისტორიის დეპარტამენტმა მოაწყო ღონისძიება „ჩვენ გვახსოვს ვარშავა“, რომელიც მიეძღვნა II მსოფლიო ომის დროს (1943 წლის 19 აპრილი -16 მაისი) ვარშავის გეტოში ებრაელთა აჯანყებას და ისტორიის დეპარტამენტის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტის მიღებას ისტორიის საბაკალავრო პროგრამის ახალი კურსისათვის: „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებში“.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, თბილისის # 45-ე, 52-ე, 81-ე, 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების, სკოლა „ალბიონის“ და UG სკოლის მოსწავლეები, დირექტორები და ისტორიის მასწავლებლები. სკოლის მოსწავლეებს იციკ მოშემ გადასცა ბუკლეტი: „ქართველი შინდლერები“.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა და ბატონმა ელჩებმა, ვარშავის გეტოსა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის აღსანიშნავად, ჰაერში გაუშვეს ჰელიუმის თეთრი ბურთები.
ღონისძიების ბოლოს საქართველოს უნივერსიტეტის ეზოში გაიხსნა „ევროპის ბაღი“, რომელიც მიეძღვნა ევროპის დღეს. ამ ღონისძიების ფარგლებში პოლონეთისა და ისრაელის ელჩებმა, იციკ მოშემ, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტებმა - გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ - „ევროპის ბაღში“ დარგეს სახელობითი ვარდები.
მასალები ამავე თემაზე:
საქართველოში ისრაელის საელჩოს Facebook-სა და YouTube-ზე.
https://www.facebook.com/IsraelinGeorgia/posts/1358149320918523