სიახლეები
2021 წლის 12-14 ნოემბერს, ბორჯომში ჩატარდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia-ის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი საგაზაფხულო სკოლა „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“.
პროექტის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: სახელმწიფოს მხრიდან პირად თავისუფლებაში ჩარევის ფარგლები; covid-19, როგორც გამოწვევა ქართულ სამართალსა და პრაქტიკაში; თანამედროვე ქართული სისხლის სამართლის პოლიტიკა - ლიბერალიზაცია თუ გამკაცრების პოლიტიკა?; საკუთრების უფლების კონსტიტუციურსამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი ფარგლები; ადამიანის სიცოცხლე, როგორც სამართლებრივი სიკეთე; ახალი სისხლისსამართლებრივი შემადგენლობები ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთეების დასაცავად; სისხლის სამართალი და სასჯელის მიზნები - ინდივიდის პასუხისმგებლობა და გარემო მდგენელები დანაშაულის ჩადენისას; პანდემია და თავისუფლების უფლება - საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი; ქალთა უფლებების (სისხლის)სამართლებრივი დაცვა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა მიღწეული შედეგები და გამოწვევები.
ლექციებს უძღვებოდნენ: სკოლის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich) და მოწვეული ლექტორები მარიო შიუტცე (იენა, თბილისი), გურამ იმნაძე (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) და ნინო ცაციაშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე).
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული სამართლის მიმართულების სტუდენტები (საქართველოს უნივერსიტეტი, თსუ, ილიაუნი, კავკასიის უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)).