სიახლეები
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ ახალ სამაგისტრო პროგრამას ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მიმართულებით.
პროგრამა ერთადერთია საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტს ექნება „ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის“ კვალიფიკაცია. პროგრამის მთავარი მიზანია მოამზადოს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი და შეძლებს თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის გაცემას ისეთ საკითხებში როგორიცაა: IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული დასკვნების გამოტანა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს ეფექტურად დაგეგმოს თავისი საქმიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში, გაცნობიერებული ექნება ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სისტემების, ბლოქჩეინ-ტექნოლოგიის რეალური პოტენციალი, ასევე შეეძლება განსაზღვროს თუ რა კიბერშეტევების წინაშე შეიძლება დადგეს ორგანიზაცია და რა იქნება ყველაზე ეფექტური გზა იმისათვის რომ რისკი მაქსიმალურად იქნეს აცილებული. პროგრამა ასევე სტუდენტს მისცემს პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებსაც, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება პროფესიულ საქმიანობაში.
კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კვლევით დაწესებულებებში, ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერები, პროგრამისტები, ქსელის ადმინისტრატორები, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები, ცვლილებების მენეჯერი, კონფიგურაციის მენეჯერი, სერვის მენეჯერი, ბიზნეს ურთიერთობის მენეჯერი, პრობლემების მენეჯერი და ინციდენტების მენეჯერი.