საქართველოს უნივერსიტეტისთვის თითოეული წარმატებული სტუდენტის უკან მდგომი შრომისა და მხარდაჭერის დაფასება მნიშვნელოვანია. ახალგაზრდების აკადემიურ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სკოლებსა და პედაგოგებს, რომლებიც მათ ცოდნას, მოტივაციასა და მომავალი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარებიან.
საქართველოს უნივერსიტეტი ყოველწლიურად ათეულობით პირველკურსელის არჩევანი ხდება, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. მათ შორის არიან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, რომელთა წარმატებაც, დიდწილად, სკოლებისა და მასწავლებლების დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ ამ წვლილის აღიარებისა და მადლიერების გამოხატვის მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა, მაია ღუბელაძემ (სამეგრელო-ზემო სვანეთი) და მარიამ კუხიანიძემ (იმერეთი) ტრადიციულად, მოინახულეს ზუგდიდისა და ქუთაისის სკოლები, რომელთა კურსდამთავრებულებმაც საქართველოს უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური შედეგებით ჩააბარეს.
ვიზიტების ფარგლებში, უნივერსიტეტის სახელით, სკოლებს მადლობის სიგელები გადაეცათ. წარმომადგენლები შეხვდნენ პედაგოგებს, მათ გააცნეს ინფორმაცია კურსდამთავრებულთა წარმატებების შესახებ და მადლობა გადაუხადეს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაში შეაქვთ.
ქუთაისში მადლობის სიგელები მიიღეს ქალაქ ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა, ქუთაისის №10, №1 და №3 საჯარო სკოლებმა. ამ სკოლების კურსდამთავრებულებმა საქართველოს უნივერსიტეტი აირჩიეს და მათ შორის არიან უნივერსიტეტის გრანტის მფლობელი სტუდენტები ნიკოლოზ ჭიღლაძე (სსიპ. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი) და მარიამ ახვერდაშვილი (სსიპ. ქალაქ ქუთაისის №10 საჯარო სკოლა).
ასევე, მადლობის სიგელები გადაეცათ ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას საჯარო სკოლას, რომლის კურსდამთავრებული ლიზა გვარმიანი დღეს საქართველოს უნივერსიტეტის გრანტის მფლობელი სტუდენტია.
საქართველოს უნივერსიტეტი მადლიერია თითოეული სკოლისა და პედაგოგის, რომლებიც ახალგაზრდების განათლებისა და წარმატების საფუძველს ქმნიან. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ სტუდენტების მიღწევების აღნიშვნა, რომლებმაც უნივერსიტეტი აირჩიეს, არამედ იმ ადამიანებისა და საგანმანათლებლო გარემოს დაფასებაც, რომლებმაც მათ ამ გზაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს.