საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სტომატოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, ასოცირებული პროფესორის, ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEE, Association for Dental Education in Europe) ბორდის წევრის, ელენე გიგინეიშვილის სტატია „Considering Quality in Dental Education“ ჟურნალ „European Journal of Dental Education“-ში გამოქვეყნდა. საკითხთან დაკავშირებით ჩვენს შეკითხვებს თავად ავტორი უპასუხებს.
რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?
სტომატოლოგიური განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ჩემი აკადემიური და პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEE) ხარისხის უზრუნველყოფის ოფიცერს, მაქვს შესაძლებლობა, უშუალოდ ვიყო ჩართული როგორც საუნივერსიტეტო, ისე საერთაშორისო დონეზე ხარისხის განვითარების პროცესებში. სწორედ ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ხარისხის შეფასების განსხვავებული სისტემები მოქმედებს და ისეთი ცნებები, როგორებიცაა აკრედიტაცია, ხარისხის უზრუნველყოფა და ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება, ხშირად ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ მათ განსხვავებული მიზნები და ფუნქციებიც აქვთ. ჩვენი საერთაშორისო ავტორთა გუნდის მიზანი იყო ამ განსხვავებების მკაფიოდ წარმოჩენა, რაც სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემასა და ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნაშრომი აერთიანებს საერთაშორისო პროფესიული და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოცდილებას და წარმოადგენს ხარისხის საკითხებისადმი ერთობლივ ხედვას.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევის შედეგს ადამიანების ყოფაზე?
ერთი შეხედვით, სტომატოლოგიური განათლების ხარისხის უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის შიდა საქმიანობას უკავშირდებოდეს, თუმცა სინამდვილეში მისი მნიშვნელობა გაცილებით ფართოა. სტომატოლოგიური განათლების ხარისხი პირდაპირ უკავშირდება მომავალი ექიმი-სტომატოლოგების პროფესიულ კომპეტენციებს, კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარს და, საბოლოოდ, პაციენტებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ჩვენს ნაშრომში წარმოდგენილია ხარისხის ხუთი ურთიერთდაკავშირებული მიმართულება: მართვა, სასწავლო პროგრამა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ინფრასტრუქტურა და რესურსები, ასევე ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესები. აღნიშნული ნაშრომი უნივერსიტეტებს დაეხმარება, უფრო სისტემურად შეაფასონ საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები, გამოავლინონ გასაუმჯობესებელი მიმართულებები და დაგეგმონ შესაბამისი ცვლილებები.
გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს უკეთ მომზადებული სპეციალისტების აღზრდას, პაციენტთა უსაფრთხოების გაძლიერებასა და საზოგადოების ნდობის ზრდას სტომატოლოგიური მომსახურების მიმართ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნაშრომი წარმოადგენს კონცეპტუალურ და ანალიტიკურ კვლევას, მასში შემოთავაზებული ჩარჩოს პრაქტიკული შედეგების შეფასება კი შემდგომი მუშაობის საგანია.
როგორ შეუძლიათ სტუდენტებს ჩაერთონ კვლევის ამ სფეროში და რატომ ურჩევდით მათ ამის გაკეთებას?
მიმაჩნია, რომ სტუდენტების ჩართულობა განათლების ხარისხის განვითარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი დაინტერესებული მხარეები არიან. სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამების შეფასებაში, სტუდენტური გამოცდილების კვლევებში, სწავლებისა და შეფასების მეთოდების ანალიზში, ასევე სამეცნიერო პროექტებში, რომლებიც კლინიკური განათლების ხარისხსა და პაციენტთა უსაფრთხოებას უკავშირდება. განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი საკითხების შესწავლა, როგორებიცაა კლინიკური კომპეტენციების შეფასება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება და უკუკავშირის გავლენა სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე.
სტუდენტებს ვურჩევდი, აქტიურად ჩაერთონ კვლევით საქმიანობაში, რადგან ეს მხოლოდ სამეცნიერო სტატიის მომზადებას არ ნიშნავს. კვლევა ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარსა და პროფესიულ პასუხისმგებლობას. მნიშვნელოვანია, ექიმმა-სტომატოლოგმა არა მხოლოდ გამოიყენოს არსებული ცოდნა, არამედ შეძლოს მისი კრიტიკული შეფასება და საკუთარი წვლილის შეტანა პროფესიის განვითარებაში.
რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას უკავშირდება?
ნაშრომზე მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ინტელექტუალური გამოწვევა იყო განსხვავებული საგანმანათლებლო და მარეგულირებელი სისტემების შედარება ისე, რომ შენარჩუნებულიყო თითოეული მათგანის სპეციფიკა და გამოკვეთილიყო მათი საერთო საფუძვლები. სტატიაში განხილულია სამი განსხვავებული მიდგომა: ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი სტომატოლოგიური განათლების აკრედიტაციის სისტემა (CODA), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემები და ADEE-ის LEADER პროგრამა, რომელიც ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის წარმოჩენა, რომ აკრედიტაცია, ხარისხის უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ურთიერთშემავსებელი პროცესებია.
ამგვარ საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანალიტიკურ აზროვნებას, სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკულ შეფასებას, პროფესიულ კომუნიკაციასა და განსხვავებული გამოცდილების მქონე კოლეგებთან საერთო ხედვის ჩამოყალიბებას.
ჩემთვის საერთაშორისო პროფესიულ გუნდთან თანამშრომლობა განსაკუთრებით ღირებულია, რადგან საშუალებას იძლევა, საკითხები განვიხილოთ არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან უნივერსიტეტის ჭრილში, არამედ უფრო ფართო საერთაშორისო პერსპექტივიდან.
რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე ამ კონკრეტულ ნაშრომს?
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ნაშრომი გამოქვეყნდა European Journal of Dental Education-ში (EJDE), რომელიც სტომატოლოგიური განათლების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მისი საერთაშორისო ავტორთა გუნდი, რომელიც აერთიანებს წამყვანი საგანმანათლებლო და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEE), ამერიკის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEA), ირლანდიის სტომატოლოგიური საბჭოსა და სხვა ევროპული პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ნაშრომი წარმოდგენილი იყო ADEE-ის გენერალურ ასამბლეაზე, როგორც ასოციაციის ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ვინაიდან სტატია ახლახან გამოქვეყნდა, მისი გრძელვადიანი გავლენის შეფასება ჯერ ნაადრევია, თუმცა მჯერა, რომ იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სტომატოლოგიური განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და უწყვეტი გაუმჯობესების შესახებ საერთაშორისო დისკუსიის განვითარებაში.
რა დამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა ჰქონდა ამ კვლევას?
აღნიშნული ნაშრომი მომზადდა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ფარგლებში და მის განხორციელებას დამატებითი კვლევითი დაფინანსება არ ჰქონია. თუმცა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერა სამეცნიერო საქმიანობის მიმართ. უნივერსიტეტი აქტიურად ახალისებს აკადემიური პერსონალის კვლევით საქმიანობას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში პუბლიკაციების გამოქვეყნებას. უნივერსიტეტში მოქმედებს სამეცნიერო მიღწევების აღიარებისა და ფინანსური წახალისების პრაქტიკა, რაც აკადემიური პერსონალისთვის დამატებითი მოტივაციაა.