სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორის ლევან ნანობაშვილის სამეცნიერო სტატია სათაურით "ნაწარმოების სათაურის სამართლებრივი რეგულირება" 2021 წლის სექტემბერში "შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანულ ჟურნალში" დაიბეჭდა. ნაშრომის შესახებ ჩვენს კითხვებს თავად ავტორი უპასუხებს.
კვლევა ეხება ნაწარმოების სათაურის სამართლებრივ რეგულირებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნაწარმოების შექმნა. სათაურის შერჩევისას კი სასურველია კვლევაში მოცემული რჩევების გათვალისწინება. მაგალითად, თუ ორ სხვადასხვა ნაწარმოებს აქვს იდენტური სათაური, ამან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. თუმცა, იდენტური სათაურების გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს, თუ სათაური სწორად აღწერს ნაწარმოების შინაარსს (და მისი მიზანი არ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა).
ნაწარმოების სათაურის სამართლებრივი დაცვა არ არის მხოლოდ თეორიული საკითხი. სათაურთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფოში წარმოშობილა უამრავი დავა. სტატიაში განხილულია აშშ-ს, ინგლისის, ავსტრალიისა და კანადის სასამართლო პრაქტიკის მაგალითები.
საავტორო უფლებების სამართალი ძალიან საინტერესო დარგია. ჩვენ ყოველდღე გვაქვს შეხება საავტორო უფლებებთან. მაგალითად, როდესაც მობილური ტელეფონით ვიღებთ ფოტოს და ვაზიარებთ მას სოციალურ ქსელში. საავტორო სამართალი იცავს ყველა ავტორის უფლებას და სასურველია, რომ ყველა ავტორმა იცოდეს, რა უფლებები გააჩნია კანონის საფუძველზე. ასევე, როგორ უნდა მოხდეს ამ უფლებების დაცვა.
ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში არ არის ერთიანი მიდგომა ნაწარმოების სათაურის საავტორო სამართლის ნორმებით დაცვის საკითხის მიმართ. არსებული მოსაზრებები ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავია. ამასთან, საქართველოში არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა ნაწარმოების სათაურის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებით.
ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ მივიღე მონაწილეობა რადიო იმედის გადაცემაში, სადაც ვისაუბრე ნაწარმოების სათაურის სამართლებრივ რეგულირებაზე. ასევე, ვესაუბრე ამ საკითხით დაინტერესებულ რამდენიმე ავტორს. იმედი მაქვს, სტატია საინტერესო იქნება საავტორო სამართლის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის. ასევე, ავტორებისთვის, რომლებიც ფიქრობენ ნაწარმოებისთვის სათაურის შერჩევაზე და არ უნდათ, რომ შერჩევის შედეგად დაარღვიონ სხვა ავტორის უფლებები.