13 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო სემინარი თემაზე „მსგავსების თეორიისა და In Silico მოდელირების გამოყენება ბიომედიცინასა და ბიოინჟინერიაში“. შეხვედრა მიეძღვნა სამედიცინო კვლევების ციფრულ ტრანსფორმაციას და ბიომედიცინასა და ბიოინჟინერიაში კომპიუტერული მოდელირების გამოყენებას.
სემინარზე განხილული იყო კომპიუტერული სიმულაციებისა და მათემატიკური განტოლებების გამოყენება რთული ბიოლოგიური პროცესების, მათ შორის ონკოლოგიური კრიოქირურგიისა და ბაქტერიოფაგული თერაპიის მოდელირებისთვის. აღნიშნული მეთოდები ხელს უწყობს პრეკლინიკური კვლევების ხარჯების შემცირებას, კვლევითი პროცესების დაჩქარებას და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებას.
In Silico მოდელირება ბიოლოგიური და სამედიცინო პროცესების კომპიუტერულ გარემოში სიმულაციასა და შესწავლას გულისხმობს. იგი მკვლევრებს საშუალებას აძლევს, წინასწარ შეაფასონ სხვადასხვა სამკურნალო მიდგომის ეფექტიანობა, შეისწავლონ რთული ბიოლოგიური მექანიზმები და უფრო ეფექტიანად დაგეგმონ ექსპერიმენტები. ამასთან, მეთოდი არ ანაცვლებს რეალურ ექსპერიმენტებს, არამედ ქმნის საფუძველს მათი უფრო მიზანმიმართული და უსაფრთხო განხორციელებისთვის.
სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრობლემას და ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული ალტერნატიული თერაპიის განვითარების პერსპექტივებს. ტრადიციული ანტიბიოტიკების ეფექტიანობის შემცირების ფონზე, ბაქტერიოფაგული თერაპია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. კომპიუტერული მოდელირება კი მკვლევრებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ ფაგების მოქმედების მექანიზმები, შეაფასონ მათი მიწოდების ეფექტიანობა და შეამცირონ ცოცხალ ორგანიზმებზე ჩატარებული ექსპერიმენტების რაოდენობა და ფინანსური დანახარჯები.
„მთავარი სათქმელი მარტივია: In Silico მოდელირება არ ცვლის რეალურ ექსპერიმენტს, მაგრამ ის გვაძლევს „რუკას“, რომლის წყალობითაც მეცნიერები მიზანს ბევრად უფრო სწრაფად, იაფად და უსაფრთხოდ აღწევენ. ამ კვლევების მთავარი მიზანი, პირველ რიგში, ანტიბიოტიკორეზისტენტობის დაძლევაა: იმ ფონზე, როდესაც ტრადიციული ანტიბიოტიკები ძალას კარგავენ, მიზანია ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული ალტერნატიული, მაღალეფექტიანი თერაპიის განვითარება. ასევე, კომპიუტერული მოდელირება ამცირებს ცოცხალ ორგანიზმებზე ჩასატარებელი ექსპერიმენტების რაოდენობას და ფინანსურ ხარჯებს. მნიშვნელოვანია საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ინტეგრაციაც: საქართველო ფაგოთერაპიის ტრადიციული ცენტრია და ამ მეთოდების თანამედროვე კომპიუტერულ ინჟინერიასთან დაკავშირება გლობალურ მედიცინაში ქვეყნის როლს კიდევ უფრო აძლიერებს.“ — ლევან გულუა
სემინარზე ასევე განიხილეს მსგავსი თეორიის, კომპიუტერული მოდელირებისა და პროგრამირებაზე დაფუძნებული კინეტიკის ინტეგრირებული გამოყენება რთული ბიოლოგიური პროცესების შესასწავლად. აღნიშნული მიდგომები გამოიყენება ისეთი პროცესების მოდელირებისთვის, როგორებიცაა ნანონაწილაკების დიფუზია სიმსივნურ ქსოვილებში, pH-ზე რეაგირებადი ნივთიერებების გამოთავისუფლება და ბაქტერიოფაგების მიწოდება.
კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კომპიუტერული მოდელების კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა. სრულად პერსონალიზებული მკურნალობისთვის აუცილებელია თითოეული პაციენტის ინდივიდუალური ფიზიოლოგიური პარამეტრების, მათ შორის ქსოვილების დიფუზიური მახასიათებლების, ნაკადის სიჩქარისა და მეტაბოლური კლირენსის განსაზღვრა და მათი მოდელში ასახვა. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინება შესაძლებელს გახდის პაციენტის ორგანიზმზე მორგებული სამკურნალო მიდგომების შემუშავებას.
In Silico მოდელირება და მასთან დაკავშირებული ინტეგრირებული მეთოდები ქმნის პერსპექტივას ონკოლოგიური და რეზისტენტული ინფექციური დაავადებების მკურნალობის ახალი მიდგომების განვითარებისთვის. კომპიუტერული ინჟინერიისა და საქართველოს ფაგოთერაპიის სამეცნიერო გამოცდილების გაერთიანება კი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და გლობალურ მედიცინაში ქვეყნის პოტენციალის წარმოჩენის შესაძლებლობას წარმოადგენს.