11 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტში „კრიპტო დღე“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორი „კრიპტოეთიკას“ დამფუძნებელი და საქართველოს უნივერსიტეტის, ბლოკჩეინის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვახტანგ ჩხენკელი იყო. კონფერენციაში მონაწილეობა 120-მა დარგის პროფესიონალმა მიიღო. ღონისძიების მთავარი მიზანი კრიპტოინდუსტრიის ექსპერტების შეკრება, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ინდუსტრიის განვითარებისა და ქართული მომსახურების ექსპორტის პერსპექტივების შეფასება იყო.
კონფერენციაზე განხილული იყო კრიპტო სექტორში არსებული ვალდებულებები, დაბეგვრის პოლიტიკა, ტოკენიზაცია და სფეროს ირგვლივ არსებული ევროკავშირის რეგულაციები. ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს უნივერსიტეტის ბლოკჩეინის სამაგისტრო პროგრამას, რომელიც გამოირჩევა საერთაშორისო შესაძლებლობებით, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით, კარიერული მხარდაჭერით და რაც მთავარია საგანმანათლებო სფეროში, პირველია საკუთარი სასწავლო შინაარსით.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის გამორჩეული სტუმარი იყო ელენა ჰიონაკი, Crystal Intelligence-ის კრიპტო შესაბამისობისა და ბლოკჩეინ ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელი. ,,მე თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში ვიმყოფები, ჩვენი მიზანია, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს საკუთარი გამოცდილებითა და რაც ყველაზე მთავარია, ლიცენზიებით დავეხმაროთ. კონკრეტულად, ეს უკანასკნელი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ შეისწავლონ ბლოკჩეინში ინვესტირება და ამ მიმართულებით თანამედროვე შესაძლებლობებსა და სტანდარტებს მოერგონ.“ გვიზიარებს ელენა ჰიონაკი
საქართველოს უნივერსიტეტის კრიპტო დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს თემის მიმართ ინტერესს, რაც მთავარია კონფერენციამ მონაწილეებს ბლოკჩეინში ინვესტირების პრაქტიკული ცოდნა გაუზიარა. სტუმრები გაეცნენ განახლებულ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ახალგაზრდების კონკურენტუნა-რიანობას აძლიერებს. კრიპტოინდუსტრიის განვითარება საქართველოში მხოლოდ ტექნოლოგიურ სიახლეებს არ ნიშნავს, ის ასევე გულისხმობს გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი კრიპტო ბაზრის ჩამოყალიბებას, რაც ადგილობრივ კომპანიებს საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
ორგანიზატორების განცხადებით, კრიპტო დღეები საქართველოს უნივერსიტეტში მომავალშიც გაიმართება, ღონისძიების მიზანია კრიპტო და ბლოკჩეინ ინდუსტრიის გამოწვევების განხილვა და ტექნოლოგიური ცნობიერების გაძლიერება.