საქართველოს უნივერსიტეტის ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, თინათინ ელბაქიძემ, საბა კობახიძემ და მამუკა კოტეტიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო კონგრესში, რომელიც ჩატარდა 18-20 მაისს ქალაქ მადრიდში. კონგრესი ძირითადად დაეთმო ანტიმიკრობული რეზისტენტობის და ზოონოზური ინფექციების გლობალურ გამოწვევებს. კონგრესს ესწრებოდნენ ევროკავშირის ერთიანი ჯანმრთელობის სფეროს სახელმწიფო მართვის წამყვანი ინსტიტუციები, უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტუტიტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
აღნიშნულ კონგრესზე, საქართველოს უნივერსიტეტის ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა წარადგინა სამი კვლევა ტეტრაციკლინების და მიკროლიდების მიმართ რეზისტენტობის მაინდუცირებელი ზოგიერთი მნიშვნელოვანი გენის ევოლუციის და ბაქტერიოფაგების გენომური ექსპრესიის მახასიათებლების შესახებ.
როგორც, ქალბატონი თინათინ ელბაქიძე გვიზიარებს, საქართველოს უნივერსიტეტის ერთიანი ჯანმრთელობის ინსიტუტმა ასევე უხელმძღვანელა კონგრესის პირველ სესიას „გარემოს და ეკოლოგიის მეცნიერებები ადამანის და ცხოველის სიჯანსაღის სპექტრში“.
"ჩემს მიერ წარდგენილი სასტენდო მოხსენება შეეხებოდა კვლევას, ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტობის მაინდუცირებელი ზოგიერთი მნიშვნელოვანი გენის მახასიათებლების და ევოლუციის შესახებ. ვფიქრობ, კონგრესზე ჩვენი დასწრება და მონაწილეობის მიღება ძალზედ მნიშვნელოვანი იყო გამომდინარე იქიდან, რომ ერთიანი ჯანმრთელობის ინსიტუტის ერთერთ მთავარ კვლევით მიმართულებას წარმოადგენს ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და ზოონოზური ინფექციების შესწავლა, რაც კონგრესის მთავარ თემას წარმოადგენდა." თინათინ ელბაქიძე
აღსანიშნავია, რომ კონგრესზე, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ ევროკავშირის ერთიანი ჯანმრთელობის სფეროს სხვადასხვა ინსტიტუციების მეცნიერების მიერ წარმოდგენილ თანამედროვე ლაბორატორიული კვლევის მეთოდებს, რისი ჰარმონიზაცია და დანერგვა მოხდება მიკრობული გენეტიკისა და ეკოლოგიის ლაბორატორიაშიც.
"EOHA Annual Scientific Meeting 2026-ში მონაწილეობა ჩემთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი გამოცდილება იყო, რადგან შეხვედრამ გააერთიანა One Health-ის მიმართულებით გარემოს, ადამიანის და ცხოველთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. კონფერენციაზე წარვადგინე ელექტრონული პოსტერი სათაურით: “Distinct Genomic Features and Codon Adaptation in Temperate versus Virulent Bacteriophages of Listeria monocytogenes”, რამაც მომცა შესაძლებლობა გამეზიარებინა ჩვენი კვლევის შედეგები საერთაშორისო აუდიტორიისთვის." - გვიზიარებს საბა კობახიძე