4 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში, კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის ორგანიზებით, IT სფეროს განვითარებისა და სტუდენტების კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით ტექნოლოგიური დასაქმების ფორუმი - Tech Job Fair გაიმართა.
შეხვედრაზე სტუდენტებს ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელი კომპანიები შეხვდნენ: IT Craft, Syntax, EPAM Systems, ISSP, Tegeta Motors და Huawei, რომლებმაც დასაქმებისა და პროფესიული განვითარებისთვის, არსებული შეთავაზებები წარადგინეს. ფორუმმა ერთ სივრცეში გააერთიანა ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები და მომავალი პროფესიონალები. მონაწილე კომპანიებმა სტუდენტებს გააცნეს საკუთარი საქმიანობა, მიმდინარე ვაკანსიები და სტაჟირების შესაძლებლობები, პარალელურად ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და გაეგოთ ამ სფეროში არსებული შრომითი ბაზრის რეალური მოთხოვნები.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ეს მათ ეხმარება უკეთ გააცნობიერონ საკუთარი კარიერული გზა და შრომითი ბაზრის მოთხოვნები. ამავე დროს, კომპანიებისთვის ეს არის შესაძლებლობა, აღმოაჩინონ ახალი ტალანტები. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სტუდენტები აქტიურად ესწრებოდნენ მსგავსს ფორუმებს და შეძლონ საკუთარი თავის წარდგენა." -განაცხადა კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის უფროსმა, ნიკა ინაურმა
ISSP-ის კომერციული დირექტორის, ზუკა ჭყონიას თქმით, კომპანია სტუდენტებს აქტიურად ეხმარება პრაქტიკული გამოცდილების შეძენაში: „ვმუშაობთ ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მუდმივად მზად ვართ, რომ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შევთავაზოთ განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობები, რაც მათ პროფესიულ ზრდაში დაეხმარება."
ტექნოლოგიური დასაქმების ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოების მნიშვნელობა. პროცესი, რომელიც კონკურენტუნარიანია კადრების მომზადების საფუძველს ქმნის, საქართველოს უნივერსიტეტში კი - მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რათა სტუდენტებს კარიერული განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.
"უნივერსიტეტი აქტიურად გვაძლევს შესაძლებლობას, ჩავერთოთ მსგავს ღონისძიებებში, დღეს რამდენიმე კომპანიას წარვუდგინე ჩემი CV, მათ შორის IT Craft-სა და Syntax-ს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და რაც მთავარია, ძალიან სწორი მიდგომაა, რომ დასაქმების ფორუმი სეგმენტურია და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების საშუალებას გვაძლევს."-აღნიშნა საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტმა, ლანა ბალაშვილმა