2025 წლის 17-19 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ხორვატიაში, რიეკას უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ CBHE პროექტის ფარგლებში – „თემთან ჩართულობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე – ENHANCE-GSL“.
ENHANCE-GSL პროექტი ორწლიანი ინიციატივაა, რომლის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება თემთან ჩართულობასთან დაკავშირებით და საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ასევე სიერა ლეონეში. პროექტის კონსორციუმში შედის ექვსი უნივერსიტეტი: საქართველოს უნივერსიტეტი (პროექტის კოორდინატორი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საქართველო), მაკენის უნივერსიტეტი და სიერა ლეონეს უნივერსიტეტი (სიერა ლეონე), რიეკას უნივერსიტეტი (ხორვატია) და მატეი ბელის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი).
სამდღიანმა ინტენსიურმა შეხვედრამ ევროპელი, ქართველი და სიერა ლეონელი პარტნიორები გააერთიანა. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა: საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ადგილზე ესწრებოდნენ, ხოლო სიერა ლეონეს პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეები ონლაინ რეჟიმში ერთვებოდნენ დისკუსიებსა და პრეზენტაციებში.
სამდღიანი შეხვედრა მოიცავდა პრეზენტაციებს თემთან ჩართულობის მაგალითებზე, ევროპელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარებასა და პროექტის სამომავლო მიზნების განხილვას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რიეკას უნივერსიტეტისა და მატეი ბელის უნივერსიტეტის მიერ თემთან ჩართულობის საგანმანათლებლო პროგრამებში და ინსტიტუციურ ჩარჩოებში ინტეგრაციის გამოცდილებას. შეხვედრა შეჯამებითა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვით დასრულდა.
მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: http://enhance.ug.edu.ge