4-5 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ International Legal Conference Series on EU Law-ს,უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა იყო ევროკავშირის სამართლის ახალი ჰორიზონტები: ადაპტაცია გლობალური ცვლილებების პირობებში.
კონფერენციამ თავი მოუყარა სამართლის მეცნიერებს, პრაქტიკოს იურისტებსა და მკვლევრებს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იყო, რომლის მიზანია ევროკავშირის სამართლის მიმართულებით საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და პროფესიული დიალოგის გაძლიერება.
„ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის სამართლის წარმატება მხოლოდ შიდა ინტეგრაციული პროცესებით აღარ იზომება. შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი უნარი გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევებს. ჩვენი აქცენტი სწორედ გლობალური ცვლილებებისა და გამოწვევებისადმი პასუხია. ვიხილავთ თემებს, რომლებიც აქტუალურია როგორც ევროკავშირის სამართლისთვის, ასევე საქართველოსთვის, როგორც კანდიდატი და ასოცირებული სახელმწიფოსთვის. კონფერენციაში მონაწილეობენ სტუმრები დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებიდან და საქართველოდან. მთავარი მესიჯია, რომ ქართული საზოგადოება ერთსულოვანია ევროპულ ისტორიულ არჩევანში და ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს’’- აღნიშნა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა და სამართლის დოქტორმა ირაკლი სამხარაძემ.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის სამართლის თანამედროვე გამოწვევებსა და ტრანსფორმაციებზე. პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა სამართლის უზენაესობა და ევროპული ინტეგრაცია, კონკურენციის სამართალი და ციფრული ბაზრების რეგულირება, ხელოვნური ინტელექტი და ფუნდამენტური უფლებები, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, მწვანე ტრანზიცია და ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე სტანდარტები. ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა სხვადასხვა მიმართულებით იმსჯელეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
,,ორდღიანი კონფერენცია ეძღვნება იმ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას, რაც მსოფლიოში ხდება და რომელსაც ევროპამ ფეხი უნდა აუწყოს. აუცილებელია, რომ კანონმდებლობა მორგებული იყოს თანამედროვე გამოწვევებზე იქნება ეს ტექნოლოგიური თუ სხვა მიმართულებები, რომლებიც სწრაფად ცვლის სამყაროს. შესაბამისად, ლეგალურმა გარემომაც უნდა შეძლოს სწრაფი ადაპტაცია, რათა განვითარდეს პროცესი, გაიზარდოს შესაძლებლობები და არ შეიზღუდოს ადამიანების უფლებები და თავისუფლებები’’- განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კოკა თოფურიამ.
საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და ექსპერტები სამართლის მიმართულებით. კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი მომხსენებლი იყო ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციური სამართლის სფეროს ექსპერტი - ალბერტ ვებერი რომელმაც თავის მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოს საგანმანათლებლო და აკადემიური განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებაზე.
„საქართველოს მომავალი ინტეგრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ფუნდამენტური უფლებები, კონკურენცია და თავისუფალი ბაზარი. ეს თემები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს’’.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა საქართველოსა და ევროპის აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ევროკავშირის სამართლის საკითხების მიმართ არსებული მაღალი ინტერესი.