საქართველოს უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრი, პროფესორი საიდ საჰმანი, 2022 წელს მსოფლიოს ყველაზე ციტირებად მკვლევართა ტოპ 2%-ში დასახელდა.
ELSEVIER Digital Commons Data-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ფაკულტეტის წევრი, პროფესორი საიდ საჰმანი, 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე ციტირებად მკვლევართა ტოპ 2%-ში დასახელდა.
Google Scholar-ის მონაცემებით, პროფესორ საიდ საჰმანის ავტორობით გამოქვეყნებულია დაახლოებით 180 სამეცნიერო სტატია. მისი h-ინდექსი 57-ს შეადგენს, ხოლო ნაშრომები 8 850-ზე მეტჯერ არის ციტირებული. აღნიშნული მაჩვენებლები აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც 2022 წელს მსოფლიოს ტოპ 2%-ში შემავალი მეცნიერების შერჩევისთვის გამოიყენებოდა.
აღსანიშნავია, რომ ტოპ 2%-ში შემავალი მკვლევრების შერჩევისთვის გამოყენებული მონაცემები Elsevier BV-მ შეაგროვა 100 000-ზე მეტი წამყვანი მეცნიერის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის საფუძველზე. მონაცემთა ბაზა მოიცავს ციტირებების, h-ინდექსის, თანაავტორობაზე კორექტირებული h-ინდექსის, სხვადასხვა ავტორული პოზიციით გამოქვეყნებული ნაშრომების ციტირებებისა და კომპოზიტური ინდიკატორის შესახებ სტანდარტიზებულ ინფორმაციას.
კვლევაში გამოყენებულია Scopus-ის მონაცემები, რომლებიც Elsevier-ის მიერ ICSR Lab-ის მეშვეობით არის მოწოდებული.