ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა აერთიანებს ექვს აკადემიურ მიმართულებას: ბიზნესის ადმინისტრირებას, ეკონომიკას, ბიზნეს ანალიტიკას, ადამიანური კაპიტალის მართვას, საჯარო მმართველობასა და ტურიზმს. სკოლა ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქართულ და ინგლისურ ენებზე და სტუდენტებს სთავაზობს ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და კვლევითი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
სკოლის საქმიანობა ეფუძნება განათლების ხარისხის მუდმივ განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობას. მას მინიჭებული აქვს CEEMAN-ის ექვსწლიანი საერთაშორისო აკრედიტაცია (2021–2027 წწ.), ის არის AACSB International-ის წევრი და აგრძელებს მუშაობას საწყისი აკრედიტაციის მიმართულებით, ხოლო 2018 წლიდან —NISPAcee-ის ინსტიტუციური წევრია. აკადემიური პროგრამების განვითარებაში ჩართულნი არიან მკვლევრები და პრაქტიკოსები, რომელთა გამოცდილება სასწავლო პროცესს თანამედროვე კვლევასა და პროფესიულ პრაქტიკასთან აკავშირებს.
სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტებში, სემინარებში, გაცვლით პროგრამებსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად განხორციელებულ აქტივობებში. შერჩეულ სტუდენტებს სკოლა ადმინისტრაციულ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს European Innovation Academy-ის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობისთვის, სადაც ისინი საერთაშორისო გუნდებთან ერთად ავითარებენ სამეწარმეო იდეებს და მუშაობენ მათ პრაქტიკულ განხორციელებაზე.
სკოლა აწყობს ჰაკათონებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ პროექტებს. სტუდენტური ინიციატივების მხარდასაჭერად იგი თანამშრომლობს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და, შესაბამისი შერჩევის საფუძველზე, სამეწარმეო იდეებისთვის საწყისი დაფინანსების შესაძლებლობასაც ქმნის. ამ გამოცდილებების მიზანია კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ ცოდნა, პასუხისმგებლობა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებასა და საზოგადოებაში ღირებული წვლილის შეტანაში დაეხმარება.