სიახლეები
ორგანიზაციებში ტალანტების იდენტიფიკაციისა და რეკრუტინგის კვლევის სამუშაო ჯგუფი
ჯგუფის ხელმძღვანელები: ნინო ქაჯაია, ნანა ბურდული
მსოფლიოში გლობალიზაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების, მზარდი კონკურენციული გარემოს ფონზე ორგანიზაციებისათვის აუცილებელი გახდა მაღალი პოტენციალის მქონე კადრის დაქირავება. თანამედროვე გამოკვლევების თანახმად, ორგანიზაციებში ტალანტების დაქირავება, მათი განვითარების ხელშეწყობა წარმატებული პროექტია ბევრ ასპექტთან მიმართებაში: იზრდება ორგანიზაციის ეფექტიანობა, მწარმოებლურობა, ორგანიზაცია არ საჭიროებს ლიდერის დაქირავებას საწარმოს გარედან და სწორი გადაწყვეტილების გამო არ ზარალობს. მართებული, სწორი გადაწყვეტილება კი იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზაცია მაღალი პოტენციალის მქონე მუშაკების იდენტიფიცირებას ან დაქირავებას ახდენს საწყისს ეტაპზე, ზრუნავს მათ განვითარებაზე და ამზადებს მომავალი ლიდერობისათვის.
სტუდენტთა სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი:
საქართველოში არსებულ წამყვან ორგანიზაციებში ტალანტების იდენტიფიკაციის კვლევა.
სტუდენტთა სამუშაო ჯგუფში დაგეგმილი აქტივობები:
სტუდენტების მიერ განსახორციელებელი აქტივობები წარიმართება სამი მიმართულებით:
1. ინფორმაციის შეგროვება საქართველოში წამყვან ორგანიზაციებში ტალანტების დეფინიციის შესახებ; ორგანიზაციის მენეჯმენტი, HR პროფესიონალები როგორ განმარტავენ ტალანტს, მაღალი პოტენციალის მქონე მუშაკს;
2. იმ ინსტრუმენტების (ობიექტური გასაზომი საშუალებების) იდენტიფიკაცია, რომლებსაც ორგანიზაციების მენეჯმენტი ან HR პროფესიონალები იყენებენ ტალანტების აღმოსაჩენად;
3. ინფორმაციის მოძიება ტალანტებისათვის დამახასიათებელი იმ თავისებურებების, პიროვნული თვისებების და სხვა ჩამონათვალის შესახებ, რომლებსაც ორგანიზაციების მენეჯმენტი და HR პროფესიონალები მიიჩნევენ.
სტუდენტთა სამუშაო გეგმა:
• ინფორმაციის მოძიება (არსებული ლიტერატურის დამუშავება) და სამუშაო ჯგუფისთვის წარდგენა დაგეგმილ ვადებში;
• ორგანიზაციებში გამოსაყენებელი კითხვარების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
• საჭიროებიდან გამომდინარე ორგანიზაციებში ფოკუსური ჯგუფების ჩატარების ფორმატის მომზადება.
მოსალოდნელი შედეგები:
• ტალანტის განსაზღვრა საქართველოს ორგანიზაციებში ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე;
• ტალანტისათვის დამახასიათებელი თავისებურებების დადგენა საქართველოს ორგანიზაციებში ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე;
• ინსტრუმენტების იდენტიფიკაცია, რომლებსაც წამყვანი ორგანიზაციები იყენებენ ტალანტების დასადგენად.