4–8 მაისს European Public Health Association-ის მიერ ინიცირებულ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულს (EUPHW) საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა მრავალფეროვანი აქტივობებით უერთდება. ეს ყოველწლიური საერთაშორისო ინიციატივა მიზნად ისახავს ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქვეყნებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას.
საქართველოს უნივერსიტეტი 2019 წლიდან წარმოადგენს საქართველოს აღნიშნულ პლატფორმაზე და უკვე ტრადიციულად აქტიურად მონაწილეობს კვირეულის აღნიშვნაში. წლევანდელი მთავარი გზავნილია - „ინვესტირება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მდგრადი განვითარებისთვის“, რაც განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ჯანმრთელობის სფეროს როლს საზოგადოების გრძელვადიან განვითარებაში.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული კვირეული აერთიანებს აკადემიურ სექტორს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და ახალგაზრდებს. ინიციატივა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჯანმრთელობა მხოლოდ სამედიცინო სისტემის პასუხისმგებლობა არ არის - ის განათლებას, გარემოს, ეკონომიკასა და სოციალურ პოლიტიკას უკავშირდება.
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ჩართულობა სწორედ ამ მრავალსექტორულ მიდგომას ასახავს: კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს საჯარო ლექციებს, სკოლებში გასვლით შეხვედრებს, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ დისკუსიებს.
კვირეული იწყება საჯარო ლექციით „პოლიტიკა ხვდება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას“, რომელიც პოლიტიკისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირს ეხება. ლექცია აჩვენებს, როგორ შეიძლება სხვადასხვა სექტორის კოორდინაციამ ხელი შეუწყოს დაავადებების პრევენციას, ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უთანასწორობის შემცირებას.
შეხვედრის მთავარი ღირებულება არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მნიშვნელობის წარმოჩენა და პროფესიული დიალოგის შექმნა აკადემიურ და პრაქტიკულ სივრცეებს შორის.
კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდებთან მუშაობა. უნივერსიტეტის წარმომადგენლები სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში“ გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას თემაზე „მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობა ციფრულ ეპოქაში“.
ინტერაქტიული ფორმატის დახმარებით მოსწავლეები გაანალიზებენ ეკრანის დროის გავლენას ემოციებზე, ძილსა და ყოველდღიურ ქცევებზე და ისწავლიან, როგორ შექმნან ჯანსაღი ბალანსი ტექნოლოგიებთან ურთიერთობაში.
ამავე დღეს გაიმართება პროფესიული პრეზენტაცია ფულბრაიტის გამოცდილებაზე, სადაც პროფესორი ნათია სხვიტარიძე გააზიარებს მუშაობის გამოცდილებას University of Kentucky-ში. შეხვედრა ხაზს უსვამს საერთაშორისო პარტნიორობისა და აკადემიური განვითარების მნიშვნელობას.
კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა არის ჯანმრთელობის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლა. თბილისის №178 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართება თემაზე „სანდო ინფორმაცია - ჯანმრთელი საზოგადოება, ძლიერი მომავალი“.
მოსწავლეები ისწავლიან:
· როგორ ამოიცნონ მცდარი ინფორმაცია,
· რატომ არის ვაქცინაცია და სკრინინგი მნიშვნელოვანი,
· როგორ გადაამოწმონ ჯანმრთელობის რეკომენდაციები გაზიარებამდე.
პარალელურად გაიმართება საჯარო ლექცია ინფოდემიაზე და HPV ვაქცინაციის გამოწვევებზე, რომლის მომხსენებელია National Center for Disease Control and Public Health of Georgia-ის წარმომადგენელი.
ეს აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისათვის, სადაც ინფორმირებული გადაწყვეტილებები ჯანმრთელობის დაცვის საფუძველია.
კვირეული დასრულდება მრგვალი მაგიდის დისკუსიით ინტერპროფესიული განათლების (IPE) შესახებ. შეხვედრა ეძღვნება ჯანდაცვის კადრების გაძლიერებას და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
დისკუსია აერთიანებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მედიცინის, ფარმაციის, საექთნო საქმისა და კვლევითი მიმართულებების წარმომადგენლებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გუნდური მუშაობის მნიშვნელობას თანამედროვე ჯანდაცვაში.
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის აქტიური მონაწილეობა ევროპულ კვირეულში ცხადყოფს, რომ უნივერსიტეტი არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის ცენტრია, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობის გაძლიერების პარტნიორი.
საჯარო ლექციები, სკოლებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დისკუსიები ქმნის სივრცეს, სადაც მეცნიერება, განათლება და საზოგადოება ერთიან მიზანს ემსახურება - ჯანმრთელი და მდგრადი მომავლის შექმნას.
დრო: 4-8 მაისი
ადგილი: საქართველოს უნივერესიტეტი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა, ქავთარაძის #21