საქართველოში პირველად GENIUS ოლიმპიადის წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭა ROCO Academy-ას. GENIUS ოლიმპიადა არის საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო ოლიმპიადა, რომელიც ახალგაზრდებში ხელს უწყობს გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების გააზრებას და მათთვის მეცნიერული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მოძებნას. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალ თაობას გახდეს მომავლის მოქალაქე, ლიდერი, მეცნიერი, ინჟინერი და ინოვატორი, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება მსოფლიოს გამოწვევებს.
2018 წლიდან ROCO Academy-ის მხარდაჭერით ქართველი მოსწავლეები ერთვებოდნენ GENIUS ოლიმპიადაში ინდივიდუალურად, თუმცა 2025 წელს პირველად ტარდება შიდა შესარჩევი ეტაპი მთელი ქვეყნის მასშტაბით ROCO Academy-ს ორგანიზებით, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი მასპინძლობს.
შეჯიბრი ხუთი მიმართულებით ტარდება და თითოეულ მიმართულებაში წინასწარი რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 იანვარი.
GENIUS ოლიმპიადა არის შესაძლებლობა ქართველი მოსწავლეებისთვის შეუერთდნენ ოლიმპიადის გლობალურ ქსელს იდეების გაცვლისთვის, სამომავლო თანამშრომლობის განვითარებისა და ინსპირაციის მისაღებად.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია მე-8-12 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, თუმცა თითოეულ მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა მხოლოდ ერთ მიმართულებაში. წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ ჩატარდება დისტანციური საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები, სადაც მონაწილეები მიიღებენ დეტალურ მითითებებს თითოეული მიმართულების სპეციფიკისა და მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
შერჩეული მონაწილეები მარტში საქართველოს უნივერსიტეტში წარსდგებიან ქვეყნის შიდა შესარჩევ ეტაპზე. გამარჯვებული მოსწავლეები ივნისში გაემგზავრებიან როჩესტერში (აშშ) - GENIUS ოლიმპიადის გლობალურ ფინალურ შეჯიბრში, სადაც საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ პროექტებს და შეეცდებიან მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება.