სიახლეები
4 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოში ბრაზილიის საელჩოსა და "კამოეშის ინსტიტუტის" წარმომადგენლობის ორგანიზებით, პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
თავდაპირველად, აუდიტორიას საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ და საქართველოში ბრაზილიის ელჩმა, ოსვალდო ბიატო ჟუნიორმა მიმართეს. კონსტანტინე თოფურიამ საქართველოსა და პორტუგალიის ურთიერთობების ისტორია მოკლედ მიმოიხილა, ხოლო ბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივაზე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ღონისძიების პირველ ნაწილში, ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ენეშ ფერეირამ ლექცია - "პორტუგალია ევროპაში და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების საზოგადოების" შესახებ ჩაატარა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის სასურველი საკითხების შესახებ, პროფესორი ფერეირასგან მიეღოთ ინფორმაცია.
ღონისძიება ცნობილი ბრაზილიელი მწერლის, კლარის ლისპექტორის ორი რომანის - "ვარსკვლავის დრო" და "ველურ გულთან ახლოს" თარგმანის პრეზენტაციით გაგრძელდა. აუდიტორია უშუალოდ მთარგმნელისგან, ნინო ლორთქიფანიძისგან გაეცნო, თუ რატომ არის ლისპექტორი მნიშვნელოვანი მწერალი მთელი პორტუგალიურენოვანი სამყაროსთვის და რა გამოწვევები ახლდა თან თარგმნის პროცესს.