სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქ.დუბაიში ამა წლის 25-26 ოქტომბერს გამართულ საექთნო ყოველწლიური კონფერენციის "Annual Meeting on the Future of Nursing and Nursing Education’’ მუშაობაში - რომლებიც, გარდა მთავარი მომხსენებლებისა, იყვნენ საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, სესიის თავმჯდომარეები და მოდერატორები. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დირექტორი თ.ლობჯანიძე.
საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლების მოხსენებებმა, რომლებიც ეხებოდა COVID-19-ის კონტექსტში საექთნო უმაღლესი განათლების შესაძლებლობების, საქართველოში საექთნო საქმის მიმოხილვას, ოჯახის ექთნის როლს C ჰეპატიტის, აივ/შიდსის და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და მართვაში, დიდი დაინტერესება გამოიწვია კონფერენციის მონაწილეებში.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და აღმოსავლეთის ქვეყნების უნივერისტეტების, კლინიკების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ბელგიის, შვედეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირანის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ინდოეთის, ჩინეთის, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო კვლევები როგორც საექთნო, ასევე ჯანდაცვის მენეჯმენტის, სწავლებისა და შეფასების მეთოდების, განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
კონფერენციის მონაწილეებთან დამყარდა მეგობრული ურთიერთობა, გამოიკვეთა და განიხილება ერთობლივი კვლევების ჩატარების, სტატიების გამოქვეყნებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.