სიახლეები
2019 წლის 11 – 13 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საექთნო დეპარტამენტს სტუმრობდნენ ლინეუსის უნივერსიტეტის (შვედეთი) წარმომადგენლები ჯუდი ჩოუ და ჯალალ საფიპოური. მათი ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საექთნო პროგრამის გაცნობა, საექთნო სწავლების მიმართულებით საქართველოს უნივერსიტეტის შესაძლებლობების შეფასება.
სტუმრები დეტალურად გაეცნენ საექთნო საბაკალავრო პროგრამას, სწავლებისა და შეფასების მეთოდებს. მათ დაათვალიერეს სიმულაციური ჰოსპიტალი, OSCE დარბაზი და ეწვივნენ პარტნიორ კლინიკებს. სამდღიანი ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩნენ ნანახით და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. დაისახა მომავალი პარტნიორობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. კერძოდ, მოკლევადიან პერსპექტივაში დაიგეგმა შვედი სტუდენტებისთვის კლინიკური პრაქტიკის მოდულის ჩატარება საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო დეპარტამენტის მიერ, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - ლინეაუსის და საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, საექთნო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ერთობლივად შემუშავება, საერთაშორისო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა და სხვა.